ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

683. “აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს; უბრძანა: “ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენოდეს”. მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მორემლხენოდეს, უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათვის მრცხვენოდეს!

684. “ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა, მითხრა, თუ: “მცდარვარ აქამდის, ვერ მივხვდი გასაგონოსა: ხარ დიდი მეფე ინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა! ვინ არის კაცი, რომელმან თავი არ დაგამონოსა?!”

685. “რას ვაგრძელებდე! მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მცნობელნი, ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი; ვერა ვერ ეცნა, ვერ იყვნეს ვერას ამბისა მბობელნი, მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლი შეუშრობელნი.

686. ვთქვი: “რა მქონდა სახლსა ჩემსა, სპათა ვსჭვრეტ და ვსვამ იგია, მე ვიშვებ და იგი ტყვედ ა, ზღვათა შიგან წამიგია, კლდისაგანცა უმაგრესსა ესე ვითა გამიგია? ხრმალსა ხელსა ვეღარას ვხდი, ცუდად შიგან რას მიგია?

687. “მე ფრიდონს ვუთხარ: “ესე დღე ვითა მესაზაროების, ამისად მოწმად ღმერთი მყავს, სათქმელად მეუცხოების; უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების, დახსნილვარ ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა მოების.

688. მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი, ვეღარ დავდგები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!” ფრიდონს რა ესმა, ატირდა, სისხლითა მოერწყო ველი, მითხრა, თუ: “ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!”

689. თუცა დია მოიჭირვეს, ვერცა ეგრე დამიჭირეს; მისთა სპათა მუხლ-მოყრილთა თავი მათი ჩემ-კერძ ირეს, მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს: “ნუ წახვალო, დაგემონნეთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირეს!”

690. “ეგრე ვუთხარ: “თქვენი გაყრა მეცა დია მეძნელების, მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების; ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ, თქვენცა დია გებრალების, ნუვინ მიშლით, არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების”.

691. “მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ესე ჩემი ცხენი, მითხრა: “ხედავ, პირი მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი, ვიცი, მეტი არა გინდა, ძღვენნი რამცა გავკიცხენი, თვით ამანვე მოგაწონოს სახედნობა, სიფიცხენი”.

692. “ფრიდონ-გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით; მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით. სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით. გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით.

693. “ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად, კვლა ვიარე, რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა, ზღვათა გარე; მაგრა მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე; გული სრულად გამიშმაგდა, თავი მხეცთა დავადარე.

694. “ვთქვი, თუ: “ჩემგან აღარა ხამს სიარული, ცუდი ცურვა, ნუთუ მხეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა!” მონათა და ამა ასმათს სიტყვა ვუთხარ შვიდი, თუ რვა: ვიცი, რომე დამირჯიხართ, დია გმართებს ჩემი მდურვა.

695. “აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა, ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთათ მონადენთა”. რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა, მითხრეს: “ჰაი, რასა ბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა!

696. “უშენოსა ნუმცა ვნახავთ, ნუ პატრონსა, ნუ უფალსა, ნუთუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა, თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსა”. თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ-ღაფალსა!”

697. “ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი, მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი; სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი. გავიჭერ, სრულად დავტკეპნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი.

698. “ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ, დევთა შეეკაფნეს; შემოვები, ამოვწყვიდენ, ყოლე ვერას ვერ მეხაფნეს, მათ მონანი დამიხოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს; საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს.

699. “დევთა ყვირილი, ზახილი ზეცამდის აიწეოდა; მათისა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა; მზე დააბნელეს მტვერითა, ალვის შტო შეირხეოდა, ასნი ერთ კერძოთ მომიხდეს, დავფრიწე, დაიხეოდა.

700. პირველ რაზმი დავფრიწე, შევლეწე ქვაბის კარები; დიდი რამ დევი მომიხდა, მას ხელთა ჰქონდა ფარები; რქასა ვსტაცე და ვითრივე, არ მოვახმარე მხარები; ხანჯლითა გული გაუპე, რუდ დის სისხლისა ღვარები.

701. დაღამდა, ომი დასწყნარდა, გუმბათსა დაჯდა მთვარეო; დახოცილითა დევითა აივსო არე-მარეო; გლახ მე და ასმათ მარტონი გავჰყრიდით ქვაბთა გარეო; ხელსა მიმჭირდა, მას აქათ სულნი ამომხდენ ბარეო.

702. “აჰა, ძმაო, მაშინდლითგან აქა ვარ და აქა ვკვდები; ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები, ესე ქალი არ დამაგდებს,– არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები!