ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

875. შერასმეჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ მალული: “ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული: ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული, რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე სული.”

876. მან უთხრა: “სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა! ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა, მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა; არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა”.

877. ავთანდილ უთხრა: “ველმოდი მართ მაგისისა თქმევასა; აწ რათგან გითქვამს, პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა: სჯობს ასმათისა არ-ლევა მაგა სამხრისა ლევასა, ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.

878. სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი, უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი, ცნობილი; აღარად გინდა ასმათი, – ჰნახე მათალი ბრჭობილი, პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი დობილი,

879. თქვენ შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა, თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს-ქმნილი ხმობისა, მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა, გლახ, დაგიგდია, არ ჰნახავ? შაბაშ მართლისა ბჭობისა!”

880. მან უბრძანა: “რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტის-მეტად; საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად ჭვრეტად; მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად; რათგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა რეტად.”

881. დაჰმორჩილდა, გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი; ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი; კბილი ვითა მარგალიტი, ბაგე – ვარდი ნაპობარი; გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

882. ამას ეტყვის: “შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა, მაგრა შენცა ნუ ეგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა; არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა: არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?

883. არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების! არ-თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოჰკვდების? მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭკნების. ბედი, ცდა და გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მოცაგხვდების.”

884. ყმანან უთხრა: “ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს; გონიერსა მწრთელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს; მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავსძლო, მეტის-მეტი რა მიმჭირდეს! შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?

885. ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების, მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, დაცაშრტების; რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ეკადრების; თავიდაღმა რად არ იცი, ჩემი გული რაგვარ დნების!

886. რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა, მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა; შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა, ქვაბს ვეღარ გავძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.

887. ამა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მომეარნეს, ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს; ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს, მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.

888. ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხვი მოვიდეს ერთგან რებულნი; სახედ ვამზგავსენ მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი; შეიყარეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი; ლომი სდევს, ვეფხი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი.

889. პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს: თვითო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს, გამორიდნა ვეფხმან გული, დედათამცა გამოჰრიდნეს; ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.

890. ლომსა დავუგმე საქმარი, ვარქვი: “არა ხარ ცნობასა, შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!” ხრმალ-გამოწვდილი გავუხე, მივეც ლახვართა სობასა, თავსა გარდავკარ, მოცავკალ, დავხსენ სოფლისა თმობასა.

891. ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა; მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა; მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა; ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.

892. რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე, გავგულისდი, მოვიქნივე, ვკარ მიწასა, დავაწყვიდე; მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე, სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს, რომ ცრემლსა ვღვრიდე!

893. აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა; სულთა-დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა! სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა გამიძვირდა;” ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულ-ჰთქმნა, აცასტირდა.

XXV აქა ტარიელისა და ავთანდილისაგან ქვაბს მისვლა და ასმათის ნახვა