ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

703. ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული, სიკეთისა ხელის-მხდელი, მზესა ასრე ეუბნების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი ქალმან მისცა მარგალიტი, სრულ-ჰქმნა მისი საწადელი, და ღმერთმან ჰქმნას და გაუსრულდეს ლხინი ესე აწინდელი!

704. რა ჰსჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსათანა ახიოს, ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს, მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს, ვაი მოყვრისა გაყრილსა, ახიოს ეყოს, ახიოს.

705. მათ მიხვდა ლხინი ყოველი ერთმან ერთისა ჭვრეტითა ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა. მზე სტირს სისხლისა ცრემლითა, ზღვისაცა მეტის-მეტითა. და იტყვის: “ვერ გაძღა სოფელი, ვაი, ჩემთა სისხლთა ხვრეტითა!”

706. ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს, რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და აგულჩვილებს, რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს, – და მის მოყვრისა მოშორება კვლავ აბინდებს, არ ადილებს.

707. სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის ღარად და ღარად იტყვის: “მზე ჩემგან თავისად კმა დასადებლად აღარად მიკვირს თუ გული ალმასი შავმან წამწამმან დაღარად? და ვიდრე ვნახვიდე, სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად!

708. “ვინ უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო, მომრწყო, მახია, დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია, დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა, მახია. და აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია!”.

709. ამას მოსსთქვამს, ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და აწანწარებს. გულ-ამოსკვნით, ოხვრა-სულ-თქმით, მიჰხრის ტანსა, მიახარებს საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს, და ვა, საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს, აზეწარებს!

710. ყმა მივიდა, საწოლს დასჯდა, ზოგჯერ სტირს და ზოგჯერ ბნდების, მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ მოსწყდების ვით მწვანვილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების, – და ჰხედავთ, ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების!

711. “გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მდომელი გული ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი, და ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერც პატრონია რომელი!”

712. რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი, მან მარგალიტნი მოიხვნა მის მზისა სამეყვისონი, მის მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყვისონი, და პირსა დაიდვნა, აკოცა, ცრემლი ჰსდის, ვითა ბისონი.

713. რა გათენდა, კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მხმობი. ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილ-ნაკრთობი; ერთმანერთსა ეჯავრიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი და მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა დაბდაბ-ნობი.

714. მეფე შეჯდა, მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა: ქოს-დაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა, მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდა და მას დღეს მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა!

715. ინადირეს, შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი, შეიტანეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი დასჯდა, დაჰხვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი, და ხმას სცემს ჩანგი-ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს სრულნი.

716. ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა, ეუბნებოდა, ბაგეთა გასჭვირს ბროლ-ლალი, მათ კბილთა ელვა ჰკრთებოდა. ახლოს ჰსხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა, და უტარიელო ხსენება არვისგან იკადრებოდა.

717. ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა. მართ მისივე სიყვარული უარებდის თვალთა წინა. ზოჯერ ადგის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა, და რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა.

718. წევს, იტყვის: “გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო? მოგშორდი ედემს ნაზარდო, ტანო ლერწამო და ხეო, შენთა მჭვრეტელთა ნიშატო, ვერმჭვრეტთა სავაგლახეო, და ცხადად ნახვასა არ ღირსვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო!”

719. ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა კვლავ გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა, არ დავთმოთ, რა ვჰქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოუგვაროთა? და თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირნიცა შევიწყნაროთა”.

720. კვლავ იტყვის: “გულო, რაზომცა გაქვს სიკვდილისა წადება, სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება მაგრა დაჰმალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლავ დება, და ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!”

XVIII. დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფისა ვეზირის და ვაზირის საუბარი და ხვეწნა.

721. რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე იტყვის: “ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს დამცავფარე!” დათმობასა ეაჯების: “გულსა შენ რა მოუგვარე!” და ცხენსა შესჯდა, წამოვიდა ვეზირისა სახლსა მთვარე.