ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

683. “ქვაბნი ომითა წაუხმან, სახლად აქვს დევთა სახლები, საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს თვით ნაახლები, ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩნს სტავრა ნახლები, და აღარა ჰნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები”.

684. რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა, ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თვალად არ დუხჭირისა, უამა, უქეს ვარდისა ხელი, მძლედ დანამჭირისა და “ეგე კმა სიმხნე სიმხნისად, რადღა ხარ მომხვეჭი რისა.”

685. გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა, მას დღე იხარებს სმითა და ჭამისა არ მოწყენითა კვლავ საწოლს დაჰხვდა მის მზისა მონა სიტყვითა ბრძენითა, – და მისვლა ებრძანა, იამა, თქმა არ ეგების ენითა.

686. ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი, არ გამწყრალი, ლომი მინდორს ლომთა თანა მინდოს რული, ფერ-ნამკრთალი, ყმა სოფლისა ხასიათით ჯავარ და სრული ლალი; და მაგრა ჰქონდა გულისათვის გული გულსა განაცვალი.

687. მზე უკადრი ტახტსა ზედა ჰზის მორჭმული, არ ნადევრი, წყლად ეფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა მჭევრი ბროლ-ბადახშსა აშვენებდა თმა გიშერი, წარბი ტევრი და მე ვინ გაქებ, ათენს ბრძენთა ჰხამს აქებდეს ენა ბევრი!

688. ყმა მხიარული წინაშე დაჰსვა სკამითა მისითა სხედან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა, უბნობენ ლაღნი, წყლიანნი, არა სიტყვითა მქისითა და უთხრა: “ჰპოვეა, პატიჟნი ნახენ ძებნითა ვისითა?”

689. ჰკადრა: “რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა, ხსოვნა არა ჰხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა, ვპოვე ხე, ტანი ალვისა, სოფლისა წყალთა რწყულისა, და მუნ პირი მზგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერ-ნაკლულისა.

690. “მუნ სარო, მსგავსი ვარდისა, ვნახე, მისჭირდა მინები იტყვის: “დავკარგე ბროლი და სადა ჰრთავს ბროლსა მინები!” მით ვიწვი, რადგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები!” და მერმე კვლავ ჰკადრა ამბავი მან, მისგან მონასმინები.

691. სიარულსა მისგან ძებნად სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა, მერმე ჰკადრა, საწადლისა ღმერთმან პოვნა ვით აღირსა: “საწუთრო და სოფელს-ყოფნა, კაცი უჩნსო, ვით ნადირსა, და ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების, მინდორს ტირსა.

692. “ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო ჩემგან ვით გაგეგონების, მისსა მჰნახავსა ნახული აღარა მოეწონების, თვალნი მჭვრეტელთა, ვით მზისა ციაგსა, დაეღონების, და ვარდი შექმნილი ზაფრანად, აწ ია შეიკონების.”

693. წვრილად ჰკადრა რა იცოდა, რა ნახული, რა ნასმენად: ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად, მენად, ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად, და “ვა, სოფელმან სოფელს-მყოფი ყოვლი დაჰსვა ცრემლთა დენად.”

694. ქალსა რა ესმა ამბავი, მიხვდა წადილი ნებისა, განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა, იტყვის: “რა უთხრა პასუხი მისთა ნებისა თნებისა, და რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?”

695. ყმა ეტყვის: “ვის აქვს მინდობა კაცისა მომცქაფავისა? მან ჩემთვის დაწვა თავისი დადვა, არ დასაწვავისა, დრო დამიძს ჩემგან მისლვისა, მითქვმს დადება თავისა, და მზე შემიფიცავს თავისა, ჩემგან მზედ სახედავისა.

696. “ჰხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად, კვლავ მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად, და აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!”

697. მზე ეტყვის: “მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა: პირველ შენ მოხველ მშვიდობით, მპოვნელი დაკარგულისა, მერმე ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან დანერგულისა, და ვპოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.

698. “საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების, – ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების. მაშინ ჭირი ჩნდა ჩემზედა, აწ ასე ლხინად უხვდების! და რადგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების?

699. “შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა,- ჰხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა ძებნა წამლისა მისისა , ცოდნა ჰხამს, მართ უიიცისა და ჩემი თქვი, რა ვჰქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე მიმეფაროს მე ცისა?”

700. ყმამან ჰკადრა: “სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა, ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა, ცუდი არის სიყვარული, ქვეით კოცნა, მზისა წვერვა, და თუ გეახლო, ერთხლ ვა, და რა მოგშორდე, ათასჯერ ვა!

701. “ვაი, თუ გავიჭრა, გაჭრილსა სადა, გლახ, დამწვავს სამ-ალი! გული ჰძეს საგნად ისრისა, მესვრის საკრავად სამალი, დრო სიცოცხლისა ჩემისა დღისით-ღა ჰსჩანს ნასამალი , და მალვა მწადს, მაგრა გარდაჰხდა ჟამი პატიჟთა სამალი!

702. “მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე, რაცა ჰბრძანე ვარდსა ქაცვი მოაპოვებს, ეკალთამცა რად ვეფხანე; მაგრა მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად დააგვანე, და სიცოცხლისა საიმედო ნიშანი რა წამატანე”.