ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

742. “აწ, ვეზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს? რკინა ჩემი მონაცვალე, ჰხამს გაცვილდეს, არ გატინდეს, ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს, და მომეხმარე, ნუ-თუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს.

743. “არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად, ვითა მენუკევს, ეგრე დავჰრთო გული ცეცხლთა მოსადებლად. ვიცი ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად და თქვი, რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად”.

744. ვეზირმან სთქვა: “შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების, ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაჰქარდების. ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. და ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების”.

745. რა ვეზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა. მეფე დაჰხვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა. შეუშინდა, საწყენლისა მოხსენება ვერ შემართა, – და დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა.

746. მეფემან ჰნახა ვეზირი დაღრეჯით დაყმუნვებული. უბრძანა: “რა გჭირს, რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული.” მან ჰკადრა: “არა ვიციო, მართ ვარ თავისა ვებული, და მართალ ხართ, მომკლათ, რა გესმათ ამბავი გაკვირვებული.”

747. “ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა არცა ჰმატს, და არცა დიდობს მეშინიან, თუცა შიშსა მოციქული ვერ დაჰრიდობს. აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს, და უმის ყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის ფლიდობს”.

748. რაცა იცოდა, ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა, კვლავ მოახსენა: “რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა, თუ რაგვარ მყოფი მიჰნახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა, და მართალ ხართ, თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა”.

749. რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაუცნობდა, ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა; შეუზახნა: “რა სთქვი, შმაგო, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა! და ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე ჰსცნობდა!

750. “ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ღადრად! მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მომკლას მუხთლად, ღადრად! შმაგო, ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად! და აგრე შმაგი არ ვეზირად, არად ვარგხარ არცა სხვად რად.

751. “ჰხამსცა, კაცმან პატრონისა საწყინარსა არ დარიდნეს, ოდენ სიტყვა უმეცრული უალაგოდ დაიყბედნეს?! მე მაგისად მოსმენამდის რად არ ყურნი შემეჭედნეს! და შენ თუ მოგკლა, სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს”.

752. კვლავ უბრძანა: “თუმცა მისგან აწ არ იყავ მოგზავნილი, თავმან ჩემმან, თავსა მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი. წა, უკუჰსდეგ! ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი! და დაშაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე, მისგან ქმნილი!”

753. დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა, ჰკრნა კედელსა, შეალეწნა, დააცდუნა, მაგრა მისთვის აალმასნა, არ აძეწნა. “ვით მიამბე წასლვა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!” და ვეზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი აახეწნა.

754. ვეზირმან, გლახ, გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს, გამოძწრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს, შეის ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს, და მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომელ კაცი თავსა ივნებს.

755. ჰსთქვა: “ცოდვათა ჩემთა მზგავსი ღმერთმან მეტი რა მიჩვენოს? რად მოვღორდი, რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს?! ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს, და ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძი ვითა გაისვენოს.”

756. ვეზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა, ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა: “მადლი რა გკადრო, არ ვიცი, გავხასდი მე მაშავითა, და ვა, კარგი თავი უებრო დავკარგე, დავაშავითა!”

757. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა ვერ იწყურვებს მიკვირს, რად სცალს წყლიანობად, რად არ გულსა შეიურვებს? ვინ, არ მისცემს ქადებულსა მოურავსა მოიმდურვებს, და თქმულა: “ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა დაიურვებს”.

758. “ვით გამხადა, რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა რა სიავე, რა სირეგვნე, რა შლეგობა, რა შმაგობა! მე თვით კაცად აღარ ვარგვარ, აღარა მიც თავსა ცნობა! და ესე მიკვირს, რად არ მომკლა, მისცა თურე ღმერთმან თმობა.

759. “მეცა ვიცოდი, რაცა ვქმენ, ცთომით არ წამკიდებია ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დაჰრიდებია, და შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩნს, ჭირი არ გამცუდებია“.

760. ყმამან უთხრა: ,, შენი წყრომა მეცა დია დამიმძიმდა, მაგრა ქრთამი რადღა გმართებს? გაიცინნა, გაცაღიმდა; შენ ადამი გაგიმეშდა , არ თუ მეში გიადიმდა; და რა აქიმი დასნეულდეს, მისთვის ვინღა გააქიმდა.”

761. “უმისოდ მყოფი ვერ გავძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა, მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათთანა რბოლასა ასრე გასრულსა რად მენუკევს, მისთა მებრძოლთა ბრძოლასა? და სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.