ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

818. ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა, დარბაზს ხასთაგან ჯარიაჴელითა წვერთა ტაცისა, იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა; და თქვეს: “ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რადგანმზემიგვიდრკაცისა!”

819. რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულთქმით შემოსტირნა; უთხრა: “ხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა; რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა? და სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა!”

820. ყოვლნი ტიროდეს, მოთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად. მეფემან ჰბრძანა: “იკითხეთ, მარტოა, ანუ ყმიანად?” მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად; და ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.

821. მოახსენა: “საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი, დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი, იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი, და მე თუ მომკლავთ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!”

822. რა ანდერძი წაიკითხეს, კვლავ იტირეს დიდი ხანი; მერმე ჰბრძანა: “მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი, ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი, და შეველწივნეთ, მშვიდობისა ნუ-თუ ღმერთმან მისცეს გზანი.

XXIII. წასლვა ავთანდილისაგან მეორეთ გაპარვით და ტარიელის შეყრა.

823. მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორება განანათლებს, რა იახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს, მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს, – და ჩვენ ვერჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.

824. აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა: მივა და, მისტირს გულმდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა, წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა, და უჭვრეტდის, თვალნი ვერ მოხსნის, თუ მოხსნის, მიხდის ცნობასა.

825. რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელჰყვის დაძრვად ენისად, მაგრა ჰსდის ცრემლი თვალთაგან, მსგავსად დიჯლისა დენისად; ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად, და რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.

826. ჰსთქვა: “ჩემო, შენი შორს მყოფი კრულია, ვინცა დაჰსდუმდესს, რადგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს, თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე ჰსწადდეს და უნდეს, და ჯობს საყვარელსა მოყვარე რაზომცა დაუძაბუნდეს.

827. “მე რა ვჰქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭვდე ლხენასა. თავსა მოვიკლავ მე, თუცა შენგან არ ვეჭვდე წყენასა; მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არსიცოცოხლისა სმენასა, და მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!”

828. ჰსტირს, იტყვის: “დადვა კეშნი ლახვარმან ჩემთვის ათმანო; ჰინდოთა რაზმან ჩემად კლვად თქვა, ესე ტევრი ვთხზათ მანო. თვალთა გიშერი აშვენებს, სათმან რად მომკლა, სათმანო! და ბაგე -კბილო და თვალ-წარბო, მომცემდი პატიჟთა, თმანო!”

829. იტყვის: “ჰე, მზეო, ვინ ხატად გსთქვეს მზიანისა ღამისად, ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად, ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად, და ბედსა ნუ მიცვლი, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!

830. “ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი, შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი! ბროლ-ბალახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი, და მაშინ ვერ გავძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი”.

831. ამას მოთსქმიდის, იწვოდის, ვითა სანთელი დნებოდის, დაჰყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის; რა შეეღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის, და მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის. –

832. მთვარესა ეტყვის: “იფიცე სახელი ღმრთისა შენისა, შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა, შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა, და მიაჯე შეყრა პირისა, შენგამო შენებრ მშვენისა!”

833. ღამე ალხენდის, დღე ჰსჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა; რა წყალი ნახის, გარდიხდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა, მასთანა ჰრთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, და კვლავ გაემართის, ისწრაფდის წასლვასა მისვე გზისასა.

834. მარტო მოთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისა ხიანი, მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დახვდის კლდიანი, შეწვის, ჭამის და წავიდის პირ-მზე, გულ-მარიხიანი, და იტყვის: “დავყარენ ვარდნი და, აჰა მუნ ვაგლახიანი.”

835. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა, მიუბნობდის, რას მოთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ გვარსა; ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭლითა ნახოკარსა; და ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.

836. რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწვთების, ვით ეამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიხვდების; ყმა გარდახდა, მოეხვივა, აკოცებს და ეუბნების, და კაცი კაცსა მოელოდეს, მოსლვა დია ეამების.