ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

644. “აწ წადით და მე დამაგდეთ, ეტერენით თავთა თქვენთა, ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთათ მონადენთა”. რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა, და მითხრეს: “ჰაი,ჰაი, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა.

645. “უშენოსა ნუმცა ვნახავთ, ნუ პატრონსა, ნუ უფალსა, ნუ-თუ ღმერთმან არ გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა ნატერფალსა, თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსა და თურე ბედი მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ ღაფალსა!”

646. “ვეღარ გავგზავნენ, სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი, მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი. და გავიჭერ, სრულად დავტკეპნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი.

647. “ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვე, დევთა შეეკაფნეს შემოვები, ამოვწყვიდენ, ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს, მათ მონანი დამიჴოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს და საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლავ მეცქაფნეს.

648. “დევთა ყვირილი, ზახილი ზეცამდის აიწეოდა; მათითა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა; მზე დააბნელეს მტვერითა, ალვის შტო შეირხეოდა, და ასნი ერთ-კერძთა მომიხდეს, დავფრიწე, დაიხეოდა.

649. “აჰა, ძმაო, მაშინდლითგან აქა ვარ და აქა ვკვდები ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები, ესე ქალი არ დამაგდებს, არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, და ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები!

650. “რომე ვეფვხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომიჰნახავს ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ სულსთქვამს, ზოგჯერ ახავს, და რადგან თავი არ მომიკლავს, ხმალი ცუდად მომიმახავს.

651. “მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები! მას დაკარგულსა ვიგონებ მე, სიცოცხლისა მთმენები, მას აქათ ვახლავ ნადირთა, თავსა მათებრვე მხსენები, და სხვად არას ვიაჯ ღმრთისაგან, ვარ სიკვდილისა მქენები”.

652. პირსა იცა, გაიხეთქა ღაწვი, ვარდი აიხეწა, ლალი ქარვად გარდაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა ავთანდილსცა ცრემლი წაჰსდის წამწამთაგან ერთ-სახეწა. და მერმე ქალმან დაადუმა, მუხლ-მოყრილი შეეხვეწა.

653. ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან: “შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან გიამბე ჩემი ამბავი სიცოცხლე გაარმებულმან, და აწ წადი, ჰნახე შენი მზე ნახვისა მოჟამებულმან”.

654. ავთანდილ უთხრა: “მე შენი გაყრა არ მომეთმინების თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების; მართალსა გითხრობ, ამისა კადრება ნუ გეწყინების, და შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების.

655. “რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყობარი მან უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი, – და სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

656. “რაცა გითხრა, მომისმინე ბრძენი გეტყვი, არა ხელი ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი, – კარგად ვერას ვერ მოივლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი. და აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი.

657. “იგი ვნახო, სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო; მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო. შენ გენუკვი, შემიჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო, და ერთმან ერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო.

658. “რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემიპირო, მეცა ფიცით შეგიჯერო, არასათვის არ გაგწირო, კვლავ მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო, და ღმერთსა უნდეს, ვისთვის ჰკვდები, მისთვის ეგრე არ გატირო”.

659. მან მიუგო: “უცხოს უცხო ეგრე ვითა შეგიყვარდი, გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი! რაგვარამცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუ მქარდი? და ღმერთმან ჰქმნას და კვლავცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.

660. “პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს, გული მინდორს არ გაიჭრას, არ იირმოს, არცა ითხოს, თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს! და შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!”

661. ამას ზედან შეიფიცნეს მოყვარენი გულ-სადაგნი, იაგუნდნი ქარვის ფერნი, სიტყვა ბრძენნი, ცნობა-შმაგნი; შეუყვარდა ერთმან ერთი, ჰსწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი, და მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი.

662. ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა რა გათენდა, წამოვიდა, აკოცა და გაეყარა ტარიელს თუ ვით ეწყინა, რა ჰქმნას,ამას ვერ მიმხვდარა და ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა.

663. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა მუხლთა უყრიდა, ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა ადრე მოსლვასა ჰყვედრებდა, მართ ვითა ია სჭკნებოდა და მან უთხრა: “დაო, უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!