ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

586. “ზახილი მესმა. შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა, შემოირბევდა ზღვის პირ-პირ, მას თურე წყლული სტკიოდა ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა, და მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა.

587. “ზედა ჰსჯდა შავსა ტაიჭსა, აწ ესე მე მყავს რომელი, მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული, მწყრომელი, მონა მივსწივე, მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი; და შევსთვალე : “დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?”

588. “მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა ფიცხლად შევსჯე, ჩავეგებე, მე ჩავუსწარ, ჩაველ წინა, ვუთხარ: “დადეგ, გამიგონე, შენი საქმე მეცა მინა!”, და შემომხედნა, მოვეწონე, სიარული დაითმინა.

589. “გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: “შენ ასეთნი ხენი ვით ხენ:” მერმე მითხრა: “მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ: იგი მტერნი გამილომდეს, აქამდისცა რომე ვითხენ, და უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი გარ ვერ ვითხენ”.

590. მე ვუთხარ: “დადეგ, დაწყნარდი, გარდავხდეთ ძირსა ხეთასა არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა”. თანა წამომყვა, წავედით უტკბოსნი მამა-ძეთასა. და მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა.

591. “ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა, ისრის პირნი ამოუხვნა, დაკოდილნი არ ატკივნა მერმე ვჰკითხე: ვინ ხარ, ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა? და საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა.

592. “პირველ მითხრა: “არა ვიცი, რა ხარ, ანუ რას გამსგავსო? ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო; რამან შეჰქმნა მოყვითანოდ, ვარდ-გიშერი რომე რგავსო, და ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიცა რად დაგავსო?

593. “მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი, ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი, ესე საზღარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი, და ცოტა მაქვს, მაგრა ყოველგნით სიკეთე მიუთხრობელი.

594. “მამის ძმა და მამა ჩემი პაპა ჩემმან გაჰყვნა ოდეს, ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს და მათკე დარჩა სანადირო,არ მივსცემდი, მომერჩოდეს.

595. “დღეს გამოველ ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე, მუნ გასვლა მომნდომოდა, მით მრეკელი არ ვახშირე: სპათა ვუთხარ, “მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე! და ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.

596. “ნავითა გაველ, ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა, არა მოვკრეფდი გამყოფთა, ვთქვი, ჩემთა რად დავჰრიდოდა, დამიძაბუნეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა, და ვნადირობდი და ვიზახდი, ხმა ჩემი არ უდიდოდა.

597. “მართლად იჯავრეს, წუნობა მათი თუ ესე ჰხმდა ვითა, გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრნეს ნავითა, თვით ბიძა-ძენი ჩემნიცა შეჰსხდეს მათითა თავითა, და ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად მათითა მკლავითა.

598. “მათი მესმა, დავინახე ზახილი და ჴმალთა ელვა, ნავი ვჰსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა, ზღვასა შეველ, მომეგება მეომარი ვითა ღელვა, და სწადდა, მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა.

599. “კვლავ სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს. იქით და აქათ მომიხდეს, ერთგნით ვერ მომერმეოდეს, არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს, და ჴმალსა მივენდევ, გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს.

600. “მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხტუნვე, ზღვა-ზღვა ცურვით წამოუვე, ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე, თანა მყოლნი ყველაკანი დამიჴოცნეს, დამრჩეს მუნვე, და ვინცა მდევდის, ვერ შემომხვდის, მივუბრუნდი, მივაბრუნვე.

601. “აწ იგი იჰქმნას, რაღაცა ენებოს ღმრთისა წადილსა! ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შეჰრჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა, ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა, და ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ ხადილსა!”

602. “ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკე მიმიბრუნდა: მოვახსენე: “აჩქარება შენი ყოლა არა უნდა, მეცა თანა წამოგყვები, დაიჴოცნენ იგი მუნ და, და ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!”

603. “ესეცა ვუთხარ: “ამბავი ჩემი არ გაგეგონების, უფრორე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების”. მან მითხრა: “ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების! და დღედ სიკვდილადმდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების.

604. “მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა; გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა, პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა, ვით ნაფოტასა, და ეხვეოდიან, ჰკოცნიიან ჴმალსა და სალტე კოტასა.

605. “კვლავ მოვეწონე, ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი: შემასხმიდიან ქებასა: “მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!” მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი, და ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი”.