ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

XV. შველა ტარიელისაგან ფრიდონისა და გამარჯვება მათგან მათს მეომართა ზედა.

606. მოსჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა: დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა, კაცი ჰხმდა, მისთა მჭვრეტთათვის, ღონემცა ეაჯა რისა. და აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.

607. “მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა, ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა, ფიცხლად ზედა შეველჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა, და ქუსლი ვკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ ვა.

608. “კვლავ სხვასა მიველ, მოვკიდე ხელი ნავისა ბაგესა, ზღვასა დავანთქი, დავჴოცე, ომიმცა რაღა აგესა, სხვანი გამექცეს, მიჰმართეს მათ მათსა საქულბაგესა და ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდეს, მაქებდეს, არ მაძაგესა.

609. “ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენითა, კვლავ შევიბენით, შეიჰქმნა ომისა სიმარცხენითა. მუნ მომეწონეს ფრიდონის სიქველე-სიფიცხენითა: და იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენითა.

610. “თვით ორნივე ბიძა-ძენი მისნი ხმრლითა ჩამოჰყარნა, ხელნი წმიდად დაეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა, მოიყვანნა მხარ-დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა. და მათნი ყმანი აატირნა, მისნი ყმანი ამაყარნა.

611. “მათნი ლაშქარნი გაგვექცნეს ვეცენით, გაცავჰფანტენით, ფიცხლად წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით, ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით და მომკალ, თუ ლარი დაჰლიოთ ან აკიდებით, ან ტენით.

612. “ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა. თვით ორნივე ბიძა-ძენი დაპყრობილნი წამოასხნა. მისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა და ჩემი სთქვეს თუ: “ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!”

613. “მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ჰზმიდიან, აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან, მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან, და გვითხრობდეს: “მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან.”

614. “ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ მეფობით, თვით თავსა მათსა მონად და ჩემსა ყველასა სეფობით დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით, და ჩემი ვერ ჰსცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით”.

XVI. ფრიდონის მიერ ნესტან დარეჯანის ამბვის მბობა, ოდეს ტარიელს უამბო.

615. დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით, ზღვასა ზედან წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით ფრიდონ მითხრა: “გითხრობ რასმე”, - ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით, და “ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით”.

616. “მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა: “დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევსჯე ამა ჩემსა ცხენსა ზღვათა შიგან იხვსა ჰგვანდა, ხმელთა ზედა შავარდენსა, და აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.

617. “ზოგჯერ ზღვითკენ მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორსა! ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალ-აქვს მისსა სწორსა, და ვერად ვიცან, გავეკვირვე გონებასა ამად ორსა.

618. “ვჰსთქვი, რა არის, რას ვამსგავსო, მფრინველია, ანუ მხეცი? ნავი იყო, გარ ეფარა სამოსელი მრავალ-კეცი წინა კაცნი მოჰზიდვიდეს, თვალი ამად დავაცეცი, და მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასცა ვეცი.

619. “ამოძვრნეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი. ქალი გარდმოჰსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი. მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისან,! და მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი!

620. “სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, დაცამლეწა, იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ იახეწა; დავაპირე შეტევება, ვთქვი, წავიდე მათკე მე, წა, და ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!

621. “ცხენი გავქუსლე, იქმოდის შამბი ხმასა და სრიალსა, ვეღარ მივუსწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა. ზღვის-პირსა მივე, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა, და გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა”.

622. “ესე მესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე, ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე, ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე. და მომკალ თუცა უჩემოსა ეჰნახამცა ვისცა ისც ხე!”

623. ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს, მეტად ეუცხოვა; მაგრა მეტად შეველბრალე, ტირილითა მესათნოვა, ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეპოვა, და თვალთა, ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოჰთოვა”.