ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

797. ილოცავს იტყვის მაღალო: ღ~თო ჴმელთა და ცათაო჻ ზოგჯერ მამცემო პატიჟთა: ზოგჯერ კეთილთა მზათაო჻ უცნაურო და უთქმელო: უფალო უფლებათაო჻ მომეც დათმობა სურვილთა: მფლობელო გულის თქმათაო჻

798. ღ~თო ღ~თო გეაჯები: რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა჻ შენ დაჰბადე მიჯნურობა: შენ აწესებ მისსა წესსა჻ მე სოფელმან მამაშორვა: უკეთესსა ჩემსსა მზესა჻ ნუ ამოფხვრი სიყვარულსა: მისსა ჩემთვის დანათესსა჻

799. ღ~თო ღ~თო მოწყალეო: არვინ მივის შენგან კიდე჻ შენგან ვითხოვ შეწევნასა: რაზომსაცა გზასა ვლიდე჻ მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა: ღამით მავნე გამარიდე჻ თუღა დავრჩე გმსახურებდე: შენდა მსხვერპლსა შევსწირდე჻

800. რა ილოცა ცხენსა შეჯდა: მალვით კარნი გაიარნა჻ შერმადინცა დააბრუნა: თუმცა ვამნი ადიადნა჻ მონა ტირს და მკერდსა იცემს: საბრალომან ცრემლი ღვარნა჻ პატრონისა ვერა მჭვრეტმან: ყმამან რამცა გაიხარნა჻

801. აწ ამბავი სხვა დავიწყო: ყმასა წავჰყვე წამავალსა჻ არ შეექნა დარბაზობა: მას დღეს როსტანს გულ გამწყრალსა჻ რა გათენდა ქუში ადგა: ჰგავს თუ ადენს პირით ალსა჻ ჴმობა ბრძანა ვეზირისა: მიიყუანდეს შიშით მკრძალსა჻

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვით წასვლა჻

802. რა ვაზირი მოწიწებით: დარბაზს ნახა შემოსრული჻ როსტან უთხრა არა მაჴსონს: გუშინდელი შენგან ქნილი჻ მაწყინე და გამარისხე: ვერ დავიღე დიდხანს სული჻ აზომ რომე გაგათხოვე: შენ ვაზირი გულის გული჻

803. თუ რად მაჴსოვს რად უნდოდა: ისრე ავად რად გაგჴადე჻ მართლად უთქუამს მეცნიერთა: წყენააო ჭირთა ბადე჻ ესე გვარსა ნუ ოდეს იქ: საქმე ხოლე გაიცადე჻ აწ მითხარ თუ რას იტყოდი თქჳ და სიტყუა გააკვლადე჻

804. კვლავ მოახსენა ვეზირმან: სიტყუა ნაგუშინდელევი჻ რა გაიგონა შესთვალა: პასუხი არ ნაგრძელევი჻ შენ თუ უშმაგო მგონიხარ: ვარმცა ურია მე ლევი჻ კვლავ ამის მეტად ნუ მასმენ: თვარე მე სულად გელევი჻

805. რა გამოვიდა ვაზირმან: ძებნა ვერ პოვა მინანი჻ მართ გაპარვასა უთხრობდეს: მონანი ცრემლთა მდინანი჻ მან თქუა მე დარბაზს ვერ შევალ: მახსოვან დღენი წინანი჻ ვინცაღა ჰკადრებს მან ჰკადროს: რაცა ვჰთქვი მასცა ვინანი჻

806. რა ვეზირი არ შევიდა: კულავ მეფემან კაცი გზავნის჻ კაცმან ცნის და გარეთ დადგის: წასვლა ვერვინ გაამჟღავნის჻ როსტანს ეჭუი შეუვიდა: ჭმუნვა ამით გაათავნის჻ თქუა უცილოდ გაიპარა: ვინ მარტომან ასთა ავნის჻

807. თავ დადრეკით იგონებდა: გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი჻ უში ქნა და აიხედნა: უბრძანებდა მონას მიდი჻ მოვიდეს და აწ მიამბოს: შემოვიდეს იგი ფლიდი჻ რა ვეზირი შემობრუნდა: ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი჻

808. კვლავ შევა დარბაზს ვეზირი: დაღრეჯით არ მხიარულად჻ მეფემან ჰკითხა წასრულა: მზე დაუდგრომლად მთვარულად჻ მან მოახსენა ყუელაი: ვით წასრულიყო დარულად჻ მზე აღარ მზეობს ჩვეთანა: დარი არ დარობს დარულად჻

809. რა მეფემან მოისმინა: დაიზახნა მეტის მეტნი჻ მოსთქვამს იტყჳს ვაი გაზრდილო: ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი჻ პირსა ხოჭით წვერსა გლეჯით: გააკვირნა მისნი მჭვრეტნი჻ სად წაჰხვე და სად დაჰკარგენ: სინათლენი ეგე სვეტნი჻

810. თუ თავი შენი შენ გახლავს: ღარიბად არ იხსენები჻ მაგრა მე რა ვჰქნა გაზრდილო: აწ სახლად მართებს სენები჻ გამაღარიბე დამაგდე: გულსა გლახ ვისთვის ენები჻ შენად შეყრამდის პატიჟთა: ჩემთა ვერ იტყჳს ენები჻

811. ოდეს გნახავ მხიარულსა: ნადირობით შემოსრულსა჻ ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა: ტანსა მჭევრსა ჯავარ სრულსა჻ ვეღარ ვისმენ ჴმასა შენსა: სასმენელად მე მასულსა჻ აწ უშენოდ რა გლახ უყო: საჯდომსა და სრასა სრულსა჻

812. ვიცი არ მოგკლავს შიმშილი: რაზომცა დია ირები჻ შენ შენი მშვილდი დაგარჩენს: შენთა ისართა პირები჻ ნუთუ კულავ ღთ~ნ წყალობით: გაგიადვილოს ჭირები჻ მაგრა თუ მოვჰკვდე გაზრდილო: ვისგანღა დავიტირები჻

813. ზარი გაისმა შემოკრბა: ჯარი მრავალი კაცისა჻ დარბაზს ხასთაგან ჯარია: ჴელითა წვერთა ტაცისა჻ იგლეჯს და იცემს ყუელაი: ჴმა ისმის თავსა ტკაცისა჻ თქვეს ბნელი გვმართებს დღე კრულთა: რადგან მზე მიგვიდრკა ცისა჻

814. რა მეფემან დიდებულნი: ნახა სულთქმით შემოსტირნა჻ უთხრა ხედავთ მზემან ჩვენმან: შუქნი სრულად დაგვიძვირნა჻ რა ვაწყინეთ რა შევსცოდეთ: რად დაგუყარნა რად გაგუწირნა჻ სპანი მისგან დაჭირულნი: ვინცაღა ვით დაგვიჭირნა჻

815. ყოვლნი ტიროდეს მოთქმიდეს: მერმე დაწყნარდეს გვიანად჻ მეფემან ბრძანა იკითხეთ: მარტოა ანუ ყმიანად჻ მოვიდა მონა შერმადინ: მოშიშრედ სირცხვილიანად჻ ანდერძი ჰკადრა ატირდა: სიცოცხლე უჩნდა ზიანად჻