ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

544. “შეველ, ფიცხლად შევეკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული; ას სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხან-დაზმული, წამომყვა და წამოვედით, კართა გარე დარაზმული, ზღვის პირს მიველ, ნავი დამხვდა, მენავემან მნახა ზმული.

545. “ნავსა ჩავჯე, ზღვასა შევე, ზღვასა შიგან გავალაგდი; არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი; მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გა-ვე-შმაგდი, რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი.

546. “რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა, მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა; თანა-მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეხოცა, ვთქვი თუ: “ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ჰყოცა”.

547. “ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა, გული სრულად გამიმხეცდა, არ ვუსმენდი არც ვაზირსა; ყველაკაი დამეფანტა, დარჩომოდა რაცა ჭირსა. კაცსა ღმერთი არ გასწირავს, ასრე მისგან განაწირსა!

548. “ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი, ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემაგონანი. მისი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი, ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი”.

ამბავი ნურადინ-ფრიდონისა

549. ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი; ჰგვანდეს ქალაქს, ვეახლენით, ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი; არ მეამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი; მუნ გარდავხე მოსვენებად, დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.

550. ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური; მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური: ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური, ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური.

551. ზახილი მესმა. შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა, შემოირბევდა ზღვის პირ-პირ, მას თურე წყლული სტკიოდა; ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა, მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა.

552. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, აწ ესე მე მყავს რომელი, მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული, მწყრომელი; მონა მივსწივე, მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი; შევსთვალე : “დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, მსწრომელი?”

553. “მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა; ფიცხლად შევჯე, ჩავეგებე, მე ჩავუსწარ, ჩავე წინა, ვუთხარ: “დადეგ, გამაგონე, შენი საქმე მეცა მინა!”, შემომხედნა, მოვეწონე, სიარული დაითმინა.

554. გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: “შენ ასეთნი ხენი ვით ხენ!” მერმე მითხრა: “მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ: იგი მტერნი გამილომდეს, აქამდისცა რომე ვითხენ, უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი ვერ გარდვითხენ”.

555. მე ვუთხარ: “დადეგ, დაწყნარდი, გარდავხდეთ ძირსა ხეთასა; არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა”. თანა წამომყვა, წავედით უტკბოსნი მამა-ძეთასა. მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა.

556. ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა, ისრის პირნი ამოუხვნა, დაკოდილნი არ ატკივნა. მერე ვჰკითხე: ვინ ხარ, ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა? საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა.

557. პირველ მითხრა: “არა ვიცი, რა ხარ, ანუ რას გამსგავსო? ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო? რამან შექმნა მოყვითანედ, ვარდ-გიშერი რომე რგავსო? ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიმცა რად დაგავსო?

558. მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი, ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი; ესე საზღარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი, ცოტა მაქვს, მაგრა ყოველგნით სიკეთე-მიუწდომელი.

559. მამის ძმა და მამა-ჩემი პაპა-ჩემმან გაყვნა ოდეს, ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს; თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს; მათკენ დარჩა სანადირო,-არ მივსცემდი, მომერჩოდეს.

560. დღეს გამოველ ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე, ქორის დევნა მომნდომოდა, მით მრეკელი არ ვახშირე: სპათა ვუთხარ: “მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე! ” ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე.

561. ნავითა გაველ, ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა, არ ამოვჰკრეფდი გამყოფთა, ვთქვი, ჩემთა რად დავჰრიდო, და-? დამიძაბუნნეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა, ვნადირობდი და ვიზახდი, ხმა ჩემი არ უდიდოდა.

562. მართლად იჯავრეს, წუნობა მათი თუ ესე ხმდა ვითა! გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრნეს ნავითა, თვით ბიძაძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა, ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად მათითა მკლავითა.