ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

563. “მათი მესმა, დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა, ნავი ვსთხოვე მენავეთა, მართ ვიყივლე მე ერთხელ ვა, ზღვასა შევე, მომეგება მეომარი ვითა ღელვა, სწადდა, მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა.

564. “კვლავ სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს. იქით და აქათ მომიხდეს, ერთგნით ვერ მომერეოდეს, არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს, ხრმალსა მივენდევ, გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს.

565. “მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე, ზღვა-ზღვა ცურვით წამოუვე, ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე; თანა-მყოლნი ყველაკანი დამიხოცნეს, დამრჩეს მუნვე, ვინცა მდევდის, ვერ შემომხვდის, მივუბრუნდი, მივაბრუნვე.

566. “აწ იგი იქმნას, რაღაცა ენებოს ღმრთისა წადილსა; ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შერჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა! ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა, ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ ხადილსა!”

567. “ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკე მიმიბრუნდა. მოვახსენე: “აჩქარება შენი ყოლა არა უნდა, მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ და-! ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!”

568. “ესეცა ვუთხარ: “ამბავი ჩემი არ გაგეგონების, უფრორე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების”. მან მითხრა: “ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების! დღედ სიკვდილადმდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების”.

569. “მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა; გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა, პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა, ვით ნაფოტასა, ეხვეოდიან, ჰკოცნიდეს ხრმალსა და სალტე-კოტასა.

570. “კვლა მოვეწონე, ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი; შემასხმიდიან ქებასა: “მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!” მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი, ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი”.

571. მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა; დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა; კაცი ხმდა, მათად მაქებრად, ღონემცა ეაჯა რისა! აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.

572. “მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა; ნავი წინა მომეგება, არა ვიცი,შვიდი იყო თუ რვა. ფიცხლად ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა: ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ “ვა!”

573. “კვლავ სხვასა მივე, მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა, ზღვასა დავანთქი, დავხოცენ, ომიმცა რაღა აგესა! სხვანი გამექცეს, მიმართეს მათ-მათსა საქულბაგესა; ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდეს, მაქებდეს, არ მაძაგესა.

574. “ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია, კვლა შევიბენით, შეიქმნნეს ომისა სიმარცხენია. მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია: იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.

575. “მათნი ლაშქარნი გაგვექცეს; ვეცენით, გა-ცა-ვფანტენით. ფიცხლად წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით; ქვითა დავლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით. მომკალ, თუ ლარი დალიოთ ან აკიდებით, ან ტენით.

576. “ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა. თვით ორნივე ბიძაძენი დაპყრობილნი წამოასხნა. მისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა; ჩემი თქვეს თუ: “ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!”

577. “მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან, აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან; მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან, გვითხრობდეს: “მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!”

578. “ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ-მეფობით, თვით თავსა მათსა – მონად და ჩემსა – ყველასა სეფობით; დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით, ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ-იეფობით”.

ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბვისა მბობა

579. დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით, ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით; ფრიდონ მითხრა: “გითხრობ რასმე”, – შეწყენილნი ცხენსა ვსხედით, “ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით”.

580. “მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა: “დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა; ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს და ხმელთა ზედა შავარდენსა, – აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.

581. “ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა; ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორსა. ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალ-უც მისსა სწორსა, ვერად ვიცან, გავეკვირვე გონებასა ამად ორსა.