... (Q-1541), 1712 წ.

652. პირსა იცა გაიხეთქა, ღაწვი ვარდი აიხეწა჻ ლალი ქარვად გარდაიქცა, ბროლი სრულად დაილეწა჻ ავთანდილსცა ცრემლი წასდის, წამწამთაგან ერთსახე წა჻ მერე ქალმან დაადუმა, მუხლმოყრილი შეეხვეწა჻

653. ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის დადუმებულმან჻ შენ ყველაკაი გაამე, მე ვერას ვერ ამებულმან჻ გიამბე ჩემი ამბავი, სიცოცხლე გაარმებულმან჻ აწ წადი ნახე შენი მზე, ნახვისა მოჟამებულმან჻

654. ავთანდილ უთხრა მე შენი, გაყრა არ მომეთმინების჻ თუ გაგეყრები თვალთაგან, ცრემლიცა დამედინების჻ მართალსა გითხრობ ამისა, კადრება ნუ გეწყინების჻ შენ ვისთვის ჰკვდები, მაგითა მას არა არ ელხინების჻

655. რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი჻ მან სხვა უხმოს მკურნალი, და მაჯასისა შემტყვებარი჻ მას უამბოს რაცა სჭირდეს, სენი ცეცხლთა მომდებარი჻ სხვისა სხვამან უკეთ იცის, სასარგებლო საუბარი჻

656. რაცა გითხრა მომისმინე, ბრძენი გეტყვი არა ხელი჻ ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის არ ერთხელი჻ კარგად ვერას ვერ მოავლენს, კაცი აგრე გულფიცხელი჻ აწ მე მინდა ნახვა მისი, ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი჻

657. იგი ვნახო სიყვარული, მისი ჩემთვის დავამტკიცო჻ მოვახსენო რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო჻ შენ გენუკვი შემაჯერო, ღმერთი იღმრთო ცაცა იცო჻ ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო჻

658. რომე აქათ არ წახვიდე, შენ თუ ამას შემეპირო჻ მეცა ფიცით შეგიჯერო, არასათვის არ გაგწირო჻ კვლა მოვიდე შენად ნახვად, შენთვის მოვკვდე შენთვის ვირო჻ ღმერთსა უნდეს ვისთვის ჰკვდები, მისთვის ეგრე არ გატირო჻

659. მან მიუგო უცხოს უცხო, ეგრე ვითა შეგიყვარდი჻ გასაყრელად გეძნელები, იადონსა ვითა ვარდი჻ რაგვარამცა დაგივიწყე, რაგვარამცა უკუმქარდი჻ ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო, ალვა მორჩი განაზარდი჻

660. პირი შენი ნახვად ჩემად, თუ მობრუნდეს ტანი იხოს჻ გული მინდორს არ გაიჭრეს, არ იირმოს არცა ითხოს჻ თუ გიტყუო მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს჻ შენმან ჭვრეტა სიახლემან, მომაქარვოს სევდა მითხოს჻

661. ამაზედა შეიფიცნეს, მოყვარენი გულსადაგნი჻ იაგუნდნი ქარვისფერნი, სიტყვაბრძენნი ცნობაშმაგნი჻ შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი ჻ მას ღამესა ერთგან იყვნეს, შვენიერნი ამხანაგნი჻

662. ავთანდილცა მასვე თანა, ტიროდა და ცრემლი ღვარა჻ რა გათენდა წამოვიდა, აკოცა და გაეყარა჻ ტარიელს თუ ვით ეწყინა, რა ქმნას ამას ვერ მიმხვდარა჻ ავთანდილცა ჩატიროდა, შამბი შიგან ჩაიარა჻

663. ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა, ზენარით ეუბნებოდა჻ მუხლთა უყრიდა ტიროდა, თითითა ეხვეწებოდა჻ ადრე მოსლვასა ვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა჻ მან უთხრა დაო უთქვენოდ, სხვა რამცა მეგონებოდა ჻

664. ადრე მოვალ არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა჻ ოდენ სხვაგან არ წავიდეს, ნუ სად არებს იმა ტანსა჻ აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა჻ შეიგენით მივცემივარ, ჭირსა რასმე თანისთანსა჻

ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა჻

665. იგი მუნით წარმოსრული, სევდამანცა განა მოკლა჻ პირსა იხოკს ვარდსა აზრობს, ხელი მისი გაამხოკლა჻ სისხლსა მისგან დადენილსა, მხეცი ყოვლი გაამლოკლა჻ მისმან ფიცხლად სიარულმან, შარა გრძელი შეამოკლა჻

666. მუნ მოვიდა სადაიგი, მისნი სპანი დაეყარნეს჻ ნახეს იცნეს რაგვარაცა, მართებს აგრე გაეხარნეს჻ შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლად კაცთა თავნი არნეს჻ მოვიდაო აქანამდის ვითვის, ლხინი გაგვემწარნეს჻

667. გაეგება მოეხვია, ზედა დასდვა პირი ხელსა჻ აკოცებდა სიხარულით, ცრემლსა ღვრიდა ველთა მრწყველსა჻ ესე თქვა თუ ნეტარ ღმერთო, ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა჻ მე ვით ღირს ვარ ამას რომე, თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა჻

668. ყმამან მდაბლად მოიკითხა, ზედა დასდვა პირი პირსა჻ უბრძანა თუ ღმერთსა ვმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა჻ დიდებულთა თაყვანის სცეს, აკოცებდეს ვინცა ღირსა჻ ზარსა სცემდეს უხაროდა,უფროსსა და თუნდა მცირსა ჻

669. მივიდეს სადა საყოფლად, სახლი დგა მუნ აგებული჻ მოვიდა ნახვად ყოველი, მის ქალაქისა კრებული჻ მაშინვე დაჯდა ნადიმად, მორჭმული ლაღი შვებული჻ ენა მის დღისა შვებასა, ყოლა ვერ იტყვის კრებული჻

670. შერმადინს უთხრა უამბო, ყოველი მისგან ნახული჻ ანუ ვით პოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული჻ ავთანდილს ცრემლი უყოფდა, უბნობდა თვალდაფახული჻ უმისოდ მყოფსა სწორად მიჩს, ჩემთვის დარბაზი და ხული჻