... (Q-1541), 1712 წ.

788. არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა჻ არ გარდავა გარდუვალად, მომავალი საქმე ზენა჻ წესი არის მამაცისა, მოჭირვება ჭირთა თმენა჻ არვის ძალუც ხორციელსა, განგებისა გარდავლენა჻

789. რაცა ღმერთსა გაუგია, თავსა ჩემსა გარდასავლად჻ გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად჻ თქვენვე გნახნე მხიარულნი, დიდებით და დავლამრავლად჻ მას რა ვარგო დიდებად, და კმარის ესე ჩემთვის დავლად჻

790. მეფეო ესე თათბირი, მომკალ ვინ დამიწუნოსა჻ მეფეო ნუთუ წასვლამან, თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა჻ ვერ ვეცრუები ვერ ვუზამ, საქმესა საძაბუნოსა჻ პირისპირ მარცხვენს ორნივე, მივალთ მას საუკუნოსა჻

791. არდავიწყება მოყვრისა, აროდეს გვიზამს ზიანსა჻ ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა჻ ვერ ვეცრუები ვერ ვუზამ, მას ხელმწიფესა მზიანსა჻ რა უარეა მამაცსა, სულდიდსა წასლვაგვიანსა჻

792. რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მხმეჭელსა჻ შედრკალსა შეშინებულსა, და სიკვდილისა მეჭველსა჻ კაცი ჯაბანი რითა სჯობს, დიაცსა ქსლისა მბეჭველსა჻ სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა჻

793. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა, გზა ვიწრო ვერცა კლდოვანი჻ მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი჻ ბოლოდ შეყარნეს მიწამან, ერთგან მოყმე და მხცოვანი჻ სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი჻

794. მერმე ვიშიშვი მეფეო, თქვენად კადრებად ამისად჻ სცთების და სცთების სიკვდილსა, ვინ არ მოელის წამისად჻ მოვა შემყრელი ყოველთა, ერთგან დღისა და ღამისად჻ თუ ვერა გნახე ცოცხალმან, სიცოცხლე მქონდეს ჟამისად჻

795. თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან჻ ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან჻ ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა, და ვერცა მისანდობელმან჻ მუნ შემიწყალოს თქვენმანვე, გულმან მოწყალე მლმობელმან჻

796. მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები჻ მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები჻ შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი არას მქონები჻ მიღვწიან მომიგონებენ, დამლოცვენ მოვეგონები჻

797. რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს, საჭურჭლესა დასადებლად჻ მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად჻ ნურა ნუ გშურს საქონელი, ჩემი ჩემთვის წარსაგებლად჻ შენგან კიდევ არვინ მივის, ცეცხლთა ჩემთა დამავსებლად჻

798. ამას იქით ჩემგან ჩემი, ამბავიცა არ გეცნევის჻ ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებსარ გეთნევის჻ არას არგებს ეშმაკისა, საქმეთაგან დაეძლევის჻ შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის჻

799. გვედრებ მეფეო შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა჻ ნაკად აქვს ჭირი სამისოდ, ამ წელიწადსა წლეულსა჻ ნუგეშინისეც წყალობით, ჩემგან წყალობაჩვეულსა჻ ნუ დაადინებ თვალთაგან, ცრემლსა სისხლითა ფრქვეულსა჻

800. გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა჻ აჰა გამზრდელო მოგშორდი, წავე გულითა ხელითა჻ ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა჻ სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა჻

801. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა჻ უთხრა ჰკადრეო მეფესა, საქმითა მეცნიერითა჻ შენ დაგამეტებს ვერავინ, მსახურებითა ვერითა჻ მოეხვია და ატირდა, ცრემლითა სისხლთა ფერითა჻

ლოცვა ავთანდილისა჻

802. ილოცავს იტყვის მაღალო, ღმერთო ხმელთა და ცათაო჻ ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო჻ უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო჻ მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულისთქმათაო჻

803. ღმერთო ღმერთო გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა჻ შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა჻ მე სოფელმან მომაშორვა, უკეთესსა ჩემსა მზესა჻ ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა჻

804. ღმერთო ღმერთო მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე჻ შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე჻ მტერთა ძლევა ზღვათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე჻ თუღა დავრჩე გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევსწირვიდე჻

805. რა ილოცა ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა჻ შერმადინცა დააბრუნვა, საბრალომან ცრემლნი ღვარნა჻ მონა ტირს და მკერდსა იცემს, სისხლმან მისმან კლდენი ღარნა჻ პატრონისა ვერამჭვრეტმან, ყმამან რამცა გაიხარნა჻

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა჻