... (Q-1541), 1712 წ.

671. მუნ ამბავი შინაური, ყველაკაი მოახსენა჻ შენი წასვლა არვინ იცის, რაცა მითხარ აგრე ვქმენა჻ მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა განისვენა჻ ცისკრად შეჯდა გაემართა, დღე რა მზემან გაათენა჻

672. არცაღა დაჯდა ნადიმად, არცაღა ქმნად ხალვათისა჻ შერმადინ მახარობელი, წავა მისლვისა მათისა჻ ფიცხლად წავიდა სავალი, სამ დღე ვლო დღისა ათისა჻ მას ლომსა ნახვა უხარის, მის მზისა მოკამათისა჻

673. შესთავლა მეფე უკადრი, ხარმცა მორჭმით და დიდობით჻ ამა საქმესა ვიკადრებ, შიშით კრძალვით და რიდობით჻ მის ყმისა ვერას ვერ მცნობი, ვუხმობდი თავსა ფლიდობით჻ აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, მოვალ შვებით და მშვიდობით჻

674. როსტევან მეფე უკადრი, მორჭმული შეუპოველი჻ შერმადინ მოციქულობა, თვით მოახსენა ყოველი჻ ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი჻ ბრძანა ვცან ჩემი ღმრთისაგან, სააჯო და სათხოველი჻

675. თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა჻ ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა჻ იგი მით აკრთთობს ელვასა, მზისაცა უთამამოსა჻ მას საბოძვარი უბოძა, მისი ყველაი დამოსა჻

676. მეფე შეჯდა გაეგება, ყმასა მუნით მომავალსა჻ ამას პირმზე მეფისაგან, ივალებდა ვითა ვალსა჻ მიეგება მოეგება, მხიარული გულმხურვალსა჻ დიდებულთა ჯარისაგან, ზოგნი ჰგვანდა ვითა მთრვალსა჻

677. რა მიეახლა გარდახდა, ყმა თაყვანისსცა მეფესა჻ აკოცა როსტან მიმხვდარმან, ნიშატთა სიიეფესა჻ გულმხიარულნი შვებულნი, მივლენ დარბაზსა სეფესა჻ მის ყმისა მოსლვა უხარის, ყოველსა მუნ მეკრეფესა჻

678. მას ავთანდილ თაყვანისსცა, ლომთა ლომმან მზეთა მზესა჻ მუნ ბროლი და ვარდ გიშერი, გაეტურფა სინაზესა჻ პირი მისი უნათლეა, სინათლესა ზესთაზესა჻ სახლსაყოფი არა მართებს, ცამცა გაიდარბაზესა჻

679. მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს სმა და ჭამა჻ ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა შვილსა ტკბილი მამა჻ მათ ორთავე აშვენებდა, ფიფქსათოვნა ვარდსანამა჻ უხვად გასცეს საბოძვარი, მარგალიტი ვითა დრამა჻

680. სმა გარდახდა თავისთავის, გაიყარნეს მსმელნი შინა჻ დიდებულნი არ გაუშვნეს, ყმა დაისვეს ახლოს წინა჻ მეფე ჰკითხავს იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი დაეთმინა჻ მერმე მისი უცნობოსა, რა ენახა რა ესმინა჻

681. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს, თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა჻ მზე თუ ვთქვა მსგავსი მისი და, ანუ მისისა სახისა჻ ვინ უნახავ ქმნის გონება, ყოველთა კაცთა მნახისა჻ ვარდი დამჭნარი ეკალთა, შუა შორს მყოფი ახ ისა჻

682. რა ჭირი კაცსა სოფელმან, მოუთმოს მოუთმინამან჻ ქაცვი ლერწამმან ზაფრანა, იმსგავსოს ფერად მინამან჻ ავანდილ მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინამან჻ წვრილად უამბო ამბავი, მან მისმან მონასმინამან჻

683. ქვაბნი ომითა წაუხმან, სახლად აქვს დევთა სახლები჻ საყვარელისა მისისა, ქალი ჰყავს თვით ნახლები჻ ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩს სტავრანახლები჻ აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალახლები჻

684. რა დაასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა჻ ნახვა მის მზისა ნათლისა, მის თვალად არ დუხჭირისა჻ ეამა ქება ვარდისა, ხელით მძლედ განამჭირისა჻ ეგე კმა სიმხნე სიმხნისად, რადღა ხარ მომხვეჭი რისა჻

685. გამხიარულდა თინათინ, ამა ამბისა სმენითა჻ მას დღე იხარებს სმისა და, ჭამისა არმოწყენითა჻ კვლა საწოლს დახვდა მის მზისა, მონა სიტყვითა ბრძენითა჻ მისვლა ებრძანა ეამა, თქმა არ ეგების ენითა჻

686. ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი არ გამწყრალი჻ ლომი მინდორს ლომთა თანა, მიარული ფერნამკრთალი჻ ყმა სოფლისა ხასიათი, ჯავარსრული მრავალწყალი჻ მაგრა ჰქონდა გულისათვის, გული გულსა განაცვალი჻

687. მზე უკადრი ტახტსა ზედა, ზის მორჭმული არ ნადევრი჻ წყლად ეფრატსა უხვად ერწყო, ედემს რგული ალვა მჭევრი჻ ბროლბალახშსა აშვენებდა, თმა გიშერი წარბი ტევრი჻ მე ვინ ვაქებ ათენს ბრძენთა, ხამს აქებდეს ენა ბევრი჻

688. ყმა მხიარული წინაშე, დასვა სკამითა მისითა჻ სხენან სავსენი ლხინითა, ორთავე შესატყვისითა჻ უბნობენ ლაღნი წყლიანნი, არა სიტყვითა მქისითა჻ უთხრა ჰპოვეა პატიჟნი, ნახენ ძებნითა ვისითა჻

689. ჰკადრა რა კაცსა სოფელმან, მისცეს წადილი გულისა჻ ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასრულისა჻ ვპოვე ხე ტანი ალვისა, სოფლისა წყლითა რწყულისა჻ მუნ პირი მსგავსი ვარდისა, მაგრა აწ ფერნაკლულისა჻

690. მუნ სარო მსგავსი ვარდისა, ვნახე მისჭირდა მინები჻ იტყვის დავკარგე ბროლი და, სადა რთავს ბროლსა მინები჻ მით ვიწვი რათგან ჩემებრვე, ცეცხლი სწვავს მოუთმინები჻ მერმე კვლა ჰკადრა ამბავი, მან მისგან მონასმინები჻