... (Q-1541), 1712 წ.

613. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი, და ბეჭედნი მისნი დასხნა჻ თვით ორნივე ბიძაძენი, დაპყრობილნი წამოასხნა჻ მისად ნაცვლად სისხლნი მათნი, მოღვარნა და ველთა ასხნა჻ ჩემი თქვეს თუ ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა჻

614. მივედით მოქალაქეთა, ზარი ჩნდა რომე ზმიდიან჻ აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა, გულსა მუნ დააბმიდიან჻ მე და ნურადინს ყველანი, ქებასა შეგვასხმიდიან჻ გვითხრობდეს მკლავთა თქვენთაგან, ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან჻

615. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და, მიხმობდეს მეფეთმეფობით჻ თვით თავსა მათსა მონად და, ჩემსა ყველასა სეფობით჻ დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს, ვეროდეს ვარდის მკრეფობით჻ ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არიეფობით჻

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა჻

616. დღესა ერთსა მე და ფრიდონ, ნადირობას გამოვედით჻ ზღვასა ზედა წაწურვილსა, ქედსა რასმე გარდავედით჻ ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე, ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით჻ ერთი რამე საკვირველი, მე ვნახეო ამა ქედით჻

617. მე ვჰკითხევდი ფრიდონ მეტყვის, მართ ამბავსა ესოდენსა჻ დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა჻ ზღვათა შიგან იხვსა ჰგავს და, ხმელთა ზედა შავარდენსა჻ აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი, ქორსა იქით განაფრენსა჻

618. ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა჻ ზღვასა შიგან ცოტა რამე, დავინახე თუცა შორსა჻ ეგრე ფიცხლად სიარული, არას ძალუც მისსა სწორსა჻ ვერად ვიცან გონებასა, გავეკვირვე ამად ორსა჻

619. ვთქვი რა არის რას ვამსგავსო, მფრინველია ანუ მხეცი჻ ნავი იყო გარ ეფარა, სამოსელი მრავალკეცი჻ წინა კაცნი მოზიდვიდეს, თვალი ამად დავაცეცი჻ მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასმცა ვეცი჻

620. ამოძვრნეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი჻ ქალი გარდმოსვეს სისხონი, ვნახენ მისისა თმისანი჻ მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი჻ მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი჻

621. სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა დაცამლეწა჻ იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა჻ დავაპირე შეტევება, ვთქვი წავიდე მათკე მე წა჻ ჩემსა შავსა სულიერი, რამცა ვითა გარდეხვეწა჻

622. ცხენი გავქუსლე იქმოდა, შამბი ხმასა და ხრიალსა჻ ვეღარ მივუსწარ გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა჻ ზღვის პირსა მივე შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა჻ გამშორვებოდეს წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა჻

623. ესე მესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე჻ ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე჻ ჩემთა ღაწვთა დანადენი, მე ჩემივე სისხლი ვიცხე჻ ვუთხარ მომკალ უჩემოსა, ენახამცა ვისცა ისც ხე჻

624. ესე ჩემგან გაუკვირდა, ფრიდონს უცხოდ ეუცხოვა჻ მაგრა მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა჻ თვალთა ვითა მარგალიტი, ცრემლი ცხელი გარდმოთოვა჻ ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა შემეპოვა჻

625. ვაგლახ მეო რა გიამბე, ფათერაკად მცთარმან შმაგად჻ მოვახსენე ნურა გაგვა, ნუ ინაღვლი მაგას მაგად჻ იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად჻ აწ გიამბობ რათგან თავი, გინდა ჩემად ამხანაგად჻

626. ფრიდონს ვუთხარ ყველაკაი, ჩემი თავსა გარდასრული჻ მან მითხრა თუ რას ვიტყოდი, მოცთომილი გაბასრული჻ შენ მაღალი ინდოთ მეფე, ჩემსა რადმე ხარ მოსრული჻ სახელმწიფო საჯდომი და, ტახტი გმართებს სრაცა სრული჻

627. კვლავაცა მითხრა ვისცა ღმერთი, საროს მორჩსა ტანად უხებს჻ მას ლახვარსა მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს჻ იგი მოგვცემს წყალობასა, მისსა ზეცით მოგვიქუხებს჻ ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არათ ოდეს შეგვაწუხებს჻

628. წამოვედით ნატირებნი, სრას დავსხედით თავის წინა჻ ფრიდონს ვუთხარ ჩემი შემწე, შენგან კიდევ არავინა჻ ვითა ღმერთმან შენი მსგავსი, სოფლად არა მოავლინა჻ მაშა რათგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა჻

629. არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად჻ ენა გონება მახმარე, გამოსარჩევლად ამისად჻ რა მოვაგვარო რა მიჯობს, სალხენლად ჩემად და მისად჻ თუ ვერას ვარგებ ვიქმნები, ვერდამყოვნელი წამისად჻

630. მან მითხრა ბედი ღმრთისაგან მიჯობსღა ამას რომელი჻ მოსულხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი჻ მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი჻ ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქვენსა მდგომელი჻

631. ესე ქალაქი გზა არის, ნავთა ყოველგნით მავალთა჻ შემომკრებელი ამბავთა, უცხოთა რათმე მრავალთა჻ აქა მოგვესმის ამბავი, შენ რომე დაუწვავ ალთა჻ ნუთუ ქმნას ღმერთმან გარდახდა, მაგ შენთა ჭირთა და ვალთა჻