ვეფხისტყაოსანი, 1926a წ.

757. ყმა გარდასვა მასპინძელმან, არ ღაფალმან, ავმან, უქმან; ფერჴთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან. ყმამან სახლი გაანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან; თქუეს: “ სურნელი სული ვარდთა დღეს მოგუბერა ქუენა ბუქმან”.

758. დაჯდა, მისთა შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს, მისთა მჭურეტთა მისთჳს ბნედა თავის თავის ისახელეს, სულ თქვმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს. გაყრა ბრძანეს, გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს.

759. რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვაზირსა ეუბნების, ეტყუის: “შენი დამალული დარბაზს არა არ იქნების; რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქს და შენ გეთნების, გაიგონენ ჭირი ჩემი, მკურნე, რაცა მეკურნების.

760. “მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მჭირს მისისა მწველისა; მკლავს სურვილი და ვერ-ნახვა ჩემისა სასურველისა; მას ჩემთჳს სულინი არ შურდეს, შეზღვა ჴამს შეუზღველისა; ჴამს სიყუარული მოყურისა უხვისა, უშურველისა.

761. “მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა ბადე დაებადა, მუნვე დარჩა, დათმობაცა მას თანავე დაებადა; რადგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა, მერმე ასმათ ჩემთჳს დისა მართ დად უფრო დაებადა.

762. “ოდეს წამოვე, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა: “კულა მოვალ, გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა; შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა”; ჟამია ჩემგან წასვლისა, მით მწვავს ცეცხლითა ნელითა.

763. “ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყუასა საკუეხელსა. მიმელის და ვერ მისრულ ვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა; ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა, რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!

764. “რაცა გითხარ, ჩემ მაგიერ როსტანს ჰკადრე, მიდი სრასა; თავმან მისმან, ფიცით გეტყუი შენ, ვაზირსა, უსტასრსა: არ შეიპყრობს, არ დავდგებს, თუ შემიპყრობს, მაქნევს რასა? მიშველე რა, გული ცეცხლმან არ დამიჭრას, არა სრასა!

765. “ჰკადრე: “ვინ გაქოს ყოველმან პირმან არ მეუმზრახემან? ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა სახემან! მაგრა მან ყმამან ცეცხლითა დამწვა, ალვისა სახემან, გული წამსავე წამიღო, ვერათ ვერ შევინახე მან.

766. “აწ, მეფეო, უმისობა ჩემგნ ყოლა არ ეგების; გული მას აქუს, გულოვანსა აქა ჴელი რა მეჴდების? თუ რას ვარგებ, პირველ ხოლმე თჳთ სახელი თქუენ მოგხუდების; ვერას ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების.

767. “წასვლა ჩემი გულსა თქუენსა არ ეწყინოს, არ დაჭმუნდეს; თავსა ჩემსა გაგებული იქნას, რაცა ღმერთსა უნდეს; მანვე ქნას და გაგიმარჯუდეს, თქუენი თქუენვე დავებრუნდეს. არ მოვბრუნდე, თქუენმცა სუფევთ, მტერი თქუენნი დაძაბუნდეს!”

768. კულა პირმზე ეტყუის ვაზირსა: “მე სიტყუა შევამცირეო, წა, ესე ჰკადრე მეფესა, შევინვიდოდეს ვირეო; მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო, ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო”.

769. ვაზირმან უთხრა სიცილით: “ქრთამი შენ გქონდეს შენია! შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია. მაგას რა ვკადრებ მეფესა, რაცა აწ თქუენგან მსმენია, ვიცი, უცილოდ ამავსებს, შოება არ საწყენია.

770. “თავმან მისმან, მუნვე მამკლავს, ვეჭუ, წამიცა არ წამაროს! შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე, გლახ, მიწა მესამაროს; მამკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეჴმაროს! არ ითქმის და ვერცა ვიტყუი, რა გინდა ვინ მისაგმაროს.

771. “გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო? ამიკლებს და ანუ მამკლავს: “ეგე სიტყუა ვითა სთქუიო?! რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგრეთიო”. სჯობს სიკუდილი აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწურთიო.

772. “თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თჳთ ლაშქარნი რად მოღორდენ? რად გაგიშვან, რად დაღორდენ, ანუ მზესა რად მოშორდენ? შენ წახვიდე, მტერნი ჩუენნი დაგუთამამდენ, გაგუისწორდენ. ეგე აგრე არ იქნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ”.

773. ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: “ჴამს, თუ დანა გულსა ვიცი; ჰე ვაზირო, შეგეტყობის, სიყუარული არ თურ იცი, ანუ სხუაცა არ გინახავს მოყურობა და არცა ფიცი, თუ გინახავს; უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?!

774. “მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს! აწ უშველოთ, გუიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგუითბუნვებს, ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს; ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.

775. “მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მჴდიან! აწ ვითაცა გაუწყვედლად უცნობოსა ცრემლნი მდიან. სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან; ჭირნი, მისგან უნახავნი, დია, ვისმე გამოსცდიან?

776. “აწ, ვაზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს? რკინა, ჩემი მონაცვალე, ჴამს გაცვილდეს, არ გატინდეს; ვერ გარდვიჴდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თუალთა მდინდეს, მამეჴმარე, ნუთუ ჩემგან მოჴმარება შენცა გინდეს.