469. ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი. ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი; ფერ-მიხდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი, ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, მათრლად არს, არ კატაბანი.
470. რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაველთასა, იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა; მეფე გარდაჰხდა, დარბაზსა შეველდით ჩემთა მზრდელთასა, შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა.
471. მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის ფერნი ჯუბანი, ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი. სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი, მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.
472. ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება. დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება, ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება; მითხრა: “ნუ ეჭვ ამას იქით, თუღა მტერი შეღაგება”.
473. ახლოს დამიჰსვეს ადგილსა, მუნ, სადა მიამებოდა. პირის-პირ მისჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა ჰკვდებოდა. მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა”. თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.
474. შეიქმნა სმა და პურობა, მზგავსი მათისა ძალისა, – სხვა გახარება ასეთი არს უჰნახავი თვალისა – ჯამი და ჭიქა ყველაი ფეროჰზისა და ლალისა, არ ვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა.
475. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა: არ შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა; კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა, – რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!
476. დააგდეს მღერა მუტრიბთა, “სულეთო!” თავი ჰხარიან, მიბრძანეს: “შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან; ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან, მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან!
477. აწ თუცა გმართებს შემოსვა, ვის მორჭმით მოგივლენიან, არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით,- ტურფად გშვენიან; აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან, თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან”.
478. კვლავცა დასჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა; კვლავ გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა. დედოფალი წამოვიდა, შეეყარა მწუხრსა დღე რა, ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.
479. აიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა. საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მათ ვითა რეტისა. ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა. მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა”.
480. მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მე მართალია: “თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო;” მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია; მოვიდა, ვნახე ასმათი, ჩემთანა მომავალიო.
481. მე ვისთვის ვკვდები, მიამა ასმათის ნახვა მე მისად. აღარ მივუშვი, ვაკოცე, ქმნად-ღა თაყვანის-ცემისად; ხელი მოვკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად, ვკითხე თუ: “ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად?
482. მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურად მეუბნებია!” მითხრა თუ: “გკადრებ ამბავსა, აწ ჩემგან არ სათნებია, დღეს ერთმანერთი გიჰნახავს და ტურფად მოგწონებია, აწ კვლავცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია”.
483. “წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა. ეწერა: “ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა. ომ-გარდახდილი შვენოდი, შენატევები ცხენისა, – არ ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.
484. “ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი, ქებად შენდა უშენოსა, შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა; მზემან ლომსა ვარდ-გიშერნი ბაღი ბაღჩად უშენოსა, – შენმან მზემან, თავი ჩემი არვის ჰმართებს უშენოსა!
485. “თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო; ამას იქით ნუღარა სტირ, ჭირსა თავი არიდენო; შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო, რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.
486. “იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს; რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულითა მშვენოდეს; ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გაღაგვლენოდეს, ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს”.
487. აქა მხეც-ქმნილი ტარიელ სტირს, ჭირი ეათასების; სთქვა: “მე მაქვს სამხრე, რომელი კვლავ წინას მკლავსა მას ების!” იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების, პირსა დაიდვა, დაცაბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.