ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

604. “კვლავ სხვასა მიველ, მოვკიდე ხელი ნავისა ბაგესა! – ზღვასა დავანთქი, დავხოცე, ომიმცა რაღა აგესა! სხვანი გამექცეს, მიჰმართეს მათ მათსა საქულბაგესა; ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდეს, მაქებდეს, არ მაძაგესა.

605. “ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია, კვლავ შევიბენით, შეიქმნა ომისა სიმარცხენია. მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია: იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.

606. “თვით ორნივე ბიძა-ძენი მისნი ხმრლითა ჩამოჰყარნა, ხელნი წმიდად დაეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა, მოიყვანნა მხარ-დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა, მათნი ყმანი აატირნა, მისნი ყმანი ამაყარნა.

607. “მათნი ლაშქარნი გაგვექცნეს ვეცენით, გაცავფანტენით, ფიცხლად წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით, ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით; მომკალ, თუ ლარი დაჰლიოთ ან აკიდებით, ან ტენით.

608. “ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა. თვით ორნივე ბიძა-ძენი დაპყრობილნი წამოასხნა. მისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა; ჩემი სთქვეს თუ: “ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!”

609. “მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ჰზმიდიან, აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან; მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან, გვითხრობდეს: “მკლავთა თქვენთაგან ჯერდ მათნი სისხლნი მიდიან!”

610. “ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ მეფობით, თვით თავსა მათსა მონად და ჩემსა ყველასა სეფობით; დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით, ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით”.

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა ოდეს ტარიელს უამბო.

611. დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით, ზღვასა ზედან წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით; ფრიდონ მითხრა: “გითხრობ რასმე”, – ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით, “ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით”.

612. “მე ვკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა: “დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა; ზღვათა შიგან იხვსა ჰგვანდა, ხმელთა ზედა შავარდენსა, აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.

613. “ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა; ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორსა! ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალ-აქვს მისსა სწორსა, ვერად ვიცან, გავეკვირვე გონებასა ამად ორსა.

614. “ვთქვი, – რა არის, რას ვამსგავსო, მფრინველია, ანუ მხეცი? ნავი იყო, გარ ეფარა სამოსელი მრავალ-კეცი; წინა კაცნი მოჰზიდვიდეს, თვალი ამად დავაცეცი, მთვარე უსჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასცა ვეცი.

615. “ამოძვრნეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი. ქალი გარდმოჰსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი. მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი! მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი!

616. “სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, დაცამლეწა, იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ იახეწა; დავაპირე შეტევება, ვთქვი, – წავიდე მათკე მე, წა, ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!

617. “ცხენი გავქუსლე, იქმოდის შამბი ხმასა და სრიალსა, ვეღარ მივუსწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა. ზღვის-პირსა მივე, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა, გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა”.

618. “ესე მესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე, ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე, ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე. მომკალ თუცა უჩემოსა ეჰნახამცა ვისცა ისც ხე!”

619. ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს, მეტად ეუცხოვა, მაგრა მეტად შეველბრალე, ტირილითა მესათნოვა; ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეჰპოვა, თვალთა, ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოჰთოვა”.

620. ვაგლახ მეო, რა გიამბე ფათერაკად, მცდარმან, შმაგად!” მოვახსენე: “ნურა გაგვა, ნუ ინაღვლი მაგას მაგად! იგი მთვარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად; აწ გიანბობ, რადგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად”

621. “ფრიდონს ვუთხარ ყველაკაი ჩემი, თავსა გარდასრული; მან მითხრა, თუ: “რას ვიტყოდი მოცთომილი, გაბასრული! შენ მაღალი ინდოთ მეფე ჩემსა რადმე ხარ მოსრული, სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს, სრაცა სრული”.

622. “კვლავაცა მითხრა: “ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს, მას ლახვარსა-მოაშორვებს, თუცა პირველ გულსა უხებს, იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს, ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არა ოდეს შეგვაწუხებს”.