ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

391. შევსჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; საწოლს შემოველ, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა, ღამე მერჩია, მეწადა არ გათენება დილისა.

392. ხატავეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია; სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია: “არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია, ვინ არის თქვენი ხელმწიფე, ჩვენზედა რა პატრონია?

წიგნი ხატაველთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად.

393. მოეწერა: “რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიელსა; გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა: რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა! ამის მეტსა ნუმცა ვჰნახავ კვლავღა წიგნსა შენ მიერსა!”.

394. ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია; იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხპანია, ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.

395. ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა; აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.

396. ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა, დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა, თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა: “მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა”.

397. შინა მივე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა, თვალთათ, ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა,- “ბედი ჩემი უბედური, – ვთქვი, თუ, – ჯერდცა ვერ გამეფდა! ხელმან ვარდი რად იხელთა, რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა!

398. მონა შემოდგა, – მივეცი საქმესა გაკვირვებულსა – ასმათის წიგნი მომართვა მე, მეტად შეჭირვებულსა. ეწერა: “გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა, მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა”.

399. ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო! შეღამდა, წაველ, ბაღისა მე კარი შევიარეო; სად ასმათ პირველ მეჰნახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო, სიცილით მითხრა: “წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო”.

400. შემავლო სახლი, ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა; გამოჩნდა მთვარე ნათლითა, გარე შუქ-მონავანითა; ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა, საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.

401. შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად, გულსა ბნელი გამინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად; მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად. – ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამის ჭვრეტად.

402. უბრძანა თუ: “მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!” მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა; დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა, – მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა!

403. მიბრძანა: “ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა, მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა: დაგრჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა, მაგრა ჰხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

404. თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა, მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა: მე თუ ზეპირ მიცინია, ქვე-ქვე მისთქვამს იდუმალ ვა; ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

405. ერთმა ერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა, აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა; ამას შევსჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა! გეცრუვო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

406. “წა, შეები ხატაველთა, ილაშქრე და ინაპირე; ღმერთმან ჰქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე. მაგრა რა ვქნა; კვლავცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე, გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე”.

407. “აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არა ღირსა; მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა; შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა, შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა”.

408. “ზედან წიგნსა საფიცარსა შევფიცე და შემომფიცა, მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა; “უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა, ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთიცა”.

409. “დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით, ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით, მერე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით, მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.