ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

507. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად. ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად, წიგნი მომართვა, ეწერა: “ვინ სჩან ალვისა ტანისად, ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად”.

508. “შევჯეგ, წაველ, ბაღჩას მივე, ვითა სცნობდე, ლხინთა ზომით; ბაღჩა შევლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით, ვნახე, ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით, დამიმძიმდა, არა ვკითხე, ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით.

509. “იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა. ვითა წინას შემომცინის, არღა ეგრე გამიღიმდა. ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა, ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.

510. “ჩემნი ერთნი გონებანი, მეტად შორად გამიკიდნა, შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა. შეველ, ვნახე იგი მთვარე, ჭირმან ყოვლმან უკუ-მრიდნა, გულსა შუქი შემომადგა, მაგრა გული არ დამიდნა.

511. “იყო არ ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი; ებურა მოშლით პირ-ოქრო რიდე, მე მივეც რომელი, მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი, ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.

512. “ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული, არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული; ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული, მერმე წამოსჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.

513. “მიბრძანა: “მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა, გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა; მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენამცა ცისა!” ვკადრე: “რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა?”

514. “ვთქვი: “პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა: რა შეგცოდე, რა მიქმნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა”. კვლავცა მითხრა: “რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა! დიცურად რად მოვღორდი, მე დაუწვავ ამით ალსა.

515. “შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?! შენ ჯდომილხარ სავეზიროდ, შენი რთულა ამას ნება, შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება, – ღმერთმან ქმნას და დაგირჩინო ცუდად შენი ხელოვნება!

516. “გახსოვს, ოდეს ჰაჲ,ჰაჲ, ჰზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს, მკურნალნი და დასტაქარნი წამალსა–ყე მოგიტანდეს? მამაცისა სიცრუესა ნეტარ სხვანი რამცა ჰგვანდეს! რადგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!

517. “ამას ვჰბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა, ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოდ ვჰლიდენ, თუნდა გზეთსა! ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთარხარ მოსაცეთსა; აზრნი შენნი შენვე გგვანან მტყუანსა და შენ აგეთსა!

518. “ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო; თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო! სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!” ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულ-ჰთქნა, აჰ-ყო.

519. ვთქვა: “რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის – მეტად, კვლავ მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად. აწ დავკარგე, რად არ გიკვირს, რად ცოცხალვარ, რად ვარ რეტად? ვა, სოფელო უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად!

520. “შევხედენ, ვნახე სასთუნალ, მუსაფი გაშლით მდებარე, ავიღე, ავდეგ, მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე, ვკადრე თუ: “მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე; რადგან არ მომკალ, პასუხი ერთაი გკადრო მე ბარე.

521. “რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია, ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია! თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა არ მიქნია;” მან მიბრძანა: “რაცა იცი, თქვიო”, თავი დამიქნია.

522. “კვლავცა ვკადრე: “მე თუ, მზეო, შენთვის ფიცი გამეტეხოს, ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს! ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს! მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს!

523. “მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შეჰქმნეს დიდი ვეზირობა. მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა; დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა, თავსა ვუთხარ, – მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ-მაგრობა.

524. “მემცა დაშლა ვითა ვკადრე, რადგან იგი ვერ მიმხვდარა, არ იცის, თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა! ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არად არა, ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა.

525. “ვთქვი , – “ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რა მოვიგვარო”; თავსა ვუთხარ: “ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო! მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო; ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რად მე არ წამგვარო?!”

526. “სულსა ვყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა; იგი წვიმა დარენელდა, რომე პირველ ვარდი აზრა; ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა; მიბრძანა თუ: “ეგე საქმე მემცა მართლად რად მიაზრა?!