ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

354. დღენი გამოხდეს, და გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა, ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა; დარბაზს ვერ მივე, მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა, – მაშინ დავიწყე გარდაჰხდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.

355. მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა, სხვამან ვეარავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა; სისხლი დამწამეს; მეფემან ჰბრძანა გახსნევა ხელისა, გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.

356. ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა; ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ სთქვას:– რა მინა: “მონაო ასმათისი”, შემოყვანა ვუთხარ შინა; გულსა შინა დავუზრახე,რა მჰპოვაო, ანუ ვინა!

357. მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა; წიგნსა შევატყევ, ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა; პასუხად ვსწერდი: “ჟამია, მართალ-ხარ გაკვირვებასა; მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა”.

358. გულსა ვარქვი თუ: “ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ? ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებებ; აზრად შეიქმენ, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ, თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ”.

359. კაცი მოვიდა მეფისა, სწადსო, ამბისა სმინება; მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: “ქმნაცა სისხლისა დინება; მე ვკადრე: “ხელი გავიხსენ, დამიწყო მოჯობინება, წინაშე მოვალ, ამისთვის კვლავ უფრო მმართებს ლხინება”.

360. დარბაზს მივე მეფე ჰბრძანებს: “ამის მეტსა ნუ იქ, აბა!” ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა; შესჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა. მშვილდოსანნი გასაგანნა, იტყოდიან: “შაბა, შაბა!”

361. შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი; მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი; მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი: აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

362. ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად; ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად; ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიან ალად; შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

363. მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: ქალი ვინმე გიკითხავსო, – “ინახვისცა ამირბარი?” ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი; ვარქვი: “საწოლს შეიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი”.

364. ავდეგ, მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად; “შადი” - ვუთხარ,“ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად”; გამოვე და საწოლს შეველ, მონა დადგა კარის მცველად. გული მივეც თმობა – ქმნათა აუგისა საკრძალველად.

365. კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანი-მცა; მითხრა: “მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულა რამან ღირსმცა!” გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა! ვთქვი: “არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ჰზისმცა”.

366. მითხრა: “დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა; გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა; მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისა-ღაა მალობა; ამას თუ ღირსვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღვთისა წყალობა.

367. ადგა, მითხრა: “თქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია; ნუ მეჭვ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია; ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია, ამან წიგნმან გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია”.

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელისადმი მიწერილი პირველი.

368. წიგნი ვნავხე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა; მოეწერა მზისა შუქსა: “ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა; მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა; აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა”.

369. ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია? სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია; ხატავეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია, აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია.

370. შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია, მაგრა აქამდის საუბრად კვლავ ჟამი არ მომხდომია, ძუღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია, მანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.

371. მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე: წა, შეები ხატაველთა, თავი კარგად გამაჩვენე; გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლავმცა რად დასტენე! მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე”.

372. ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალოდა, ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რად დამეთვალოდა, – გული მიდამო მიარდა, ჰკრთებოდა და მემალოდა, მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გაილალოდა.