ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

566. “დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან, – “თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან, მან ეგრე სთქვა: “უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან, ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან.

567. “პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს, შენეულივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდეს; დავარ მოთქმიდა სიტყვითა, რომელნი არა მსენოდეს, – “ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ, შენცა, არა გლხენოდეს!

568. “როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე, ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე? არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ, რა გაქნევინე! აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიხვდე, ვის ესე დააშლევინე!

569. “ხელი მიჰყო, წამოჰზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა, დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა; მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქნა, ოდენ უშნა, ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა.

570. “რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა, წამოჰსდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, მათ კიდობანი მოიღეს, ეუბნეს არ აჯებითა, მას შიგან ჩაჰსვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა.

571. “ზღვათაკენ განვლეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა; დავარ სთქვა, – “მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ, და! ვირე მომკლევდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა. დანა დაიცა, მოცაკვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.

572. “რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა! აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა! ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთა-დგმა-დაუთმობელსა!» საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშობელსა.

573. “მე ვუთხარ: “დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია? რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია! აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია». სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია.

574. “მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომივიდა ცხრო და თრთოლა; გულსა ვუთხარ: “ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა, გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა, აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა.

575. “შეველ, ფიცხლად შეველკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული; ას-სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხან-დაზმული, წამომყვა და წამოვედით, კართა გარე დარაზმული, ზღვის-პირს მივე, ნავი დამხვდა, მენავემან მჰნახა ცმული.

576. “ნავსა ჩავჯე, ზღვასა შეველ, ზღვასა შიგან გავალაგდი; არსით ნავი მომავალი უჰნახავად არ დავაგდი; მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გავეშმაგდი, რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე ვძაგდი.

577. “რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა, მაგრა მისი მჰნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა; თანა-მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეხოცა, ვთქვი თუ: “ღმერთსა ვერას ვკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ვყოცა.

578. “ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა, გული სრულად გამიმხეცდა; არ ვუსმენდი არც ვეზირსა; ყველაკაი დამეფანტა, დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა, – კაცსა ღმერთი არ გასწირავს, ასრე მისგან განაწირსა!

579. “ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი, ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემომგონანი. მისი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი, ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი”.

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელ შემოეყარა ზღვისა პირსა.

580. ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი; ჰგვანდეს ქალაქს, ვეახლენით, ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი; არ მიამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი; მუნ გარდავხე მოსვენებად, დამხვდეს რამე ხენი ლაღნი.

581. “ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური; მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური, ვერა მეცნა ეგ ზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური, ველთა ცრემლი ასოლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური.

582. “ზახილი მესმა. შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა, შემოირბევდა ზღვის პირ-პირ, მას თურე წყლული სტკიოდა; ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა, მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა.

583. “ზედა სჯდა შავსა ტაიჭსა, აწ ესე მე მყავს რომელი, მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული, მწყრომელი; მონა მივსწივე, მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი; შევსთვალე : “დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?”

584. “მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა; ფიცხლად შევჯე, ჩავეგებე, მე ჩავუსწარ, ჩავე წინა, ვუთხარ: “დადეგ, გამიგონე, შენი საქმე მეცა მინა!”, შემომხედნა, მოვეწონე, სიარული დაითმინა.