ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

430. ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე; ვთქვი თუ: “მოვა რამაზ მეფე; ჩემთვის უდგამს თუცა მახე, ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი, შუბია ხე”; მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე.

431. ვთქვი თუ: “ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან, მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან; ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას ჰრბიან! აწ შეველბნეთ ხატაველთა, ხრმალნი ცუდად რას გვაბიან!”

432. ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა, ლაღმან სიტყვითა ხაფითა; დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა; რაზმი დავაწყევ, მივჰმართე, წაველ დიდითა სწრაფითა, მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა.

433. მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა; კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა; ესთქვა თუ: “ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა, აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულ-ნაკლულობა”.

434. შევთვალე თუ: “მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია, თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ იგია; ჰბრძანეთ, მოდით, შემებენით, ვითა წესი და რიგია, მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია”.

435. რა მივიდა მოციქული, კვლავცა რადღა გამოგზავნეს! კვამლი შეჰქმნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს; სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს, შექმნეს რაზმი მრავალ-კეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.

436. შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად; საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად, ერთსა წავსწვდი უტევანსა, წავგრძელდი და წაველ გრძელად; მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.

437. ახლოს მივე, შემომხედეს, შმაგიაო, ესე სთქვესა; მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა; კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა, შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა!

438. შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი; კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანა-ჯორი, ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი.

439. ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი: ვკრი რასაცა, ვერ დამიდგის, სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი; ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი, სითაც ვიყვი, გამექციან, მათ შეჰქმნიან ჩემი რიდი.

440. საღამოს ჟამს დაიზახა ქედით მათმან დარაჯამან: “ნუღარა დგათ, წავედითო, კვლავ მოგვხედნა რისხვით ცამან: მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან, ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან!”

441. ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა, რა ეცნა, წამოსულიყვნეს, ღამე წამორთვით ეარა; ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა, გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გააზეარა.

442. იგი ჰნახეს, გასაქცევლად გაემართნეს, შევკივლენით, ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით. რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხმლენით, მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკვლენით.

443. უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა, დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა; ძილისა მიხვდა ნაცვალი ძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა, ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა, მართ ვითა სნეულთა.

444. მას ადგილსა ნაომარსა გარდავჰხედით მოსვენებად, ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა არ ნაღებად; ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად, ვერ იტყვიან, ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად.

445. ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს; ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს; რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი, ამიტირდეს, ჩემგან ხრმლითა განაკვეთი ჰნახეს, მეტად გაუკვირდეს.

446. გავგზავნე ყოვლგან ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე, ერთობ სავსენი მოვიდეს, თავიცა ვაალაღებინე, სისხლთა მძებნელთა ჩემთასა მინდორი შევაღებინე, არ ვბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე”.

447. რამაზს ვარქვი: “შემიგნია საქმე შენი სამუხთალე, აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე, სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე, თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე”.

448. რამაზ მითხრა: “აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე, ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე, ციხოვანთა გავუგზავნო, საუბარი გამიგონე, – ხელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე”.

449. მივეც ერთი დიდებული, თანა ყმანი წავატანენ, ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ; ხელთა მომცეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ; საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვით დავაგვანენ!