ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

წიგნი ტარიელისა საყვარელთანა პირველად მიწერილი.

373. თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: “მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია! სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია!”

374. ასმათს ვუთხარ: “მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივხვდები; ესე ჰკადრე: “რადგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოხდები აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები; რაცაღაა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები”.

375. ასმათ მითხრა: “მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს, – ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს; ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს; დაცამვედრა, ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს”.

376. მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა, მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა; მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.

377. ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა; მან მითხრა: “არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა”. ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა, – “ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა”.

378. ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს; ლხინმან ბნელი განმინათლა! დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს; შეველ, დავჯე ნადიმადვე ჩემნი სწორნი სადა ჰსმიდეს; მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს”.

წიგნი ტარიელისა ხატაველთა თანა მინაწერი და კაცის გაგზავნა.

379. გავგზავნე კაცი ხატავეთს და წიგნი ჩემმაგიერი, მივსწერე: “მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი; მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი; ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ მადლიერი.

380. ჩვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან არ გავიმწარებით; ესე რა ნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით; თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით. სჯობს, რომე გვნახნე, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით”.

381. კაცი გავგზავნენ, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები; დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები; მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები; აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.

382. პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი, – ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი; მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი; ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვი საწუთროსა გმობანი!

383. დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსული, ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული, წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული; კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული.

384. “მონააო ასმათისი”, საწოლს ვუთხარ შემოყვანა; მოეწერა: “გიბრძანებსო”, ვისი მესვა გულსა დანა; ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა; წაველ, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

385. ბაღჩა შევლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბარი; ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი; მითხრა: “ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი, მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი.

386. ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, სადა დგა კუბო შემკული ბადახშითა და ლალითა; შიგან სჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა, მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

387. დიდ-ხანს ვსდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამცა რა შინაურსა; ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა; “აწ წადიო, ვერას გითხრობს”, მე კვლავ მიმცა ალმან მურსა.

388. ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე, ვთქვი: “საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე, მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?” გულმან გაყრისა სიძნელე კვლავ უფრო დამიტიარე!

389. ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი; მითხრა: “ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დაჰხშე, სიხარულის კარი აღი; სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი.

390. მე ვუთხარ: “დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა; ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა; ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა; თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ დანამალსა”.