ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

450. მაშინღა შეველ ხატავეთს მოვლად და მოსათვალავად; კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად; ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: “იყვენით თქვენ უკრძალავად, მზემან არ დაგვწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად”.

451. საჭურჭლენი გარდავნახენ თავის თავის, კიდის-კიდე. უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე; ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე, თუმცა ჰნახე, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდენ.

452. ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად, ვისცა ვუჩვენე, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად; არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი, არ ორხოულად, სიმტკიცე ჰგვანდის ნაჭედსა; ვთქვი ცეცხლთა შენართაულად.

453. იგი საძღვნოდ მისად დავდევ, ვისი შუქი მანათობდა, მეფისათვის დავარჩივე საარმაღნოდ რაცა სჯობდა; ჯორ-აქლემი ათჯერ ასი, – ყველაკაი წვივ-მაგრობდა – დატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა კარგსა ჰსცნობდა.

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფისადმი ოდეს გამარჯვა ხატაველთა ზედა.

454. წიგნი დავწერე: “მეფეო, სვემცა არს თქვენი სვიანად! მე ხატაველთა მიმუხთლეს, თუცა მათ ეცა ზიანად, ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად, მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან–ტყვიანად”.

455. რა ყველაი დავიურვე, ხატავეთით გავემგზავრე, წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე, ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე, მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე.

456. ხატავეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია. ინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია; რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია, ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია.

457. დგანან ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა, საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა, მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა, მიალერსებდა, მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.

458. მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით, დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით; მეფემან ჰბრძანა: “ლაშქარნი უხმენით, შემოჰჯარენით, დღეს ხატაველი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით”.

459. რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე; ტკბილად ჰნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე; ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამგვანე, – ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიმგულვანე.

460. მას მეფესა ხატაველსა უმასპინძლა, უალერსა, ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა, ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა: “შეუნდობო ხატაველსა, მას აქამდის შენამტერსა?”

461. შევკადრე: “ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა, თქვენცა უყავით წყალობა მას ღონე გაცუდებულსა”. რამაზს უბრძანებს: “იცოდი, გაგგზავნი შეწყალებულსა, მაგრა ნუ გჰნახავთ კვლავცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა”.

462. ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია, კვლავ ხატაური მრავალი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია, მერმე ყველანი დამოსა იგი და მისი ხასია, შეწყალებული გაჰგზავნა, უყო რისხვისა ფასია.

463. ხატაველმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, მოახსენა: “ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა, თუღა ოდეს შეღაგცოდო, მაშინ მომკალ მეცა განა!” წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაატანა.

464. მოვიდა კაცი მეფისა, – ცისკრობს, არ დანაღამია – ებრძანა: “შენგან გაყრილვარ მას აქათ თვეო სამია, მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია, არ დამაშვრალხარ, წამოდი, თუცა დაშვრომის ჟამია”.

465. შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა, შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა; მეფე ქვე სჯდა შეკაზმული, შვენებითა მზგავსი მზისა; გაეხარნეს მისვლა ჩემი ტურფისა და ლამაზისა!

466. იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია: “ომით მოსრული ტარიელ საჭვრეტად სასურველია, მან განანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია: რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზღნელია.

467. აწ მისთქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული; რადგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე-სახელ-დებული, ვინცაღა ჰნახავს, აწ ნახოს, აჰა დღე, ედემს ხლებული, გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული”.

468. მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა; იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა; ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გჰზისა შორისა, აღარ იბურთეს, დაშლა ჰქმნეს თამაშობისა ორისა.