ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

315. “მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი”. ესე რა სთქვა, ყმამან სულთქნა, ცრემლით ჰბრძანა: “შობა ქალი”. დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი: სთქვა: “მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!

316. “ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა. ფარსადან დასჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა; ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა; საჭურჭლე გასცეს; აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.

317. “საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა; მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა; ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა; აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!”

318. ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა; ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა; ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი მოაპკურა; სთქვა: “ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ ა.

319. “მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი. შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი, მთვარისა მზგავსი, შვენებით მზისაგან ვერშეფრობილი; მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წდობილი!

320. “იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა; მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწდომსა! მამასავე ხელთა მიმცეს; რა შევიქმენ ამა ზომსა, ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.

321. “მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა; ქვად ფაზარი სხდა, დათლილი იაგუნდისა, ლალისა, კარზედა ბაღჩა, საბანლად სარაჯი ვარდის-წყალისა; იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!

322. “დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი; ზოგჯერ კოშკს სჯდის; ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი. დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი, – მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.

323. “სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შადითა; ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა ვარდითა; ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა; მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

324. “თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა; დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა; ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა, სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.

325. “მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემმან სრეულმან; მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან; შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან; აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!

326. “მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა; ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა; მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა; ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა ხსენება იშისა.

327. “მე წელიწდამდის ბნელსა ვჰსჯე საწუთრო-გაცუდებული, დღისით და ღამით ვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული; გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული, ებრძანა: “შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

328. “ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა;” ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა; ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა, – “შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა”.

329. “ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა; უკუნით გამომიყვანეს ხასთა მათ წინამდგომელთა; გამოსლვისათვის ზეიმი შეჰქმნა ინდოეთს მფლობელთა; შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

330. “მათ საჯდომთა ახლოს დამჰსვეს, პატივს-მცემდეს ძისა დარად. მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად; ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად; არ მომეშვნეს, დავმორჩილდი, თაყვანი ვეც ამირბარად.

331. აღარ ვიცი, დამავიწყდეს, თუმცა დიადი წელია, გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია, ცრუ და მუხთალი სოფელი, მიწყივ, ავისა მქნელია, – მისთა ნაკვეთთა წინწილი დამეცეს, ხანგრძლად მწველია.

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომ გაუმიჯნურდა.

332. კვლავ დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანნი მოიტირა: “დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა; მიბრძანა, თუ: “ქალი ვნახოთ”, ხელი ხელსა დამიჭირა;. მის ჟამისა მხსენებელი მე სულ-დგმული არ გიკვირა?!

333. “ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა; მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა; მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა. კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.