ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

505. “ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნურცა ნდომა, ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა; ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკდომა, ხელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა”.

506. ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა, ჩემთა მტერთა დავაქადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა; მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა, მწადდა, მაგრა ვერ შევმართე შემოჭდომა, შემოხვევა.

507. ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი. ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. ჭირი ბევრჯერ ვაათასი, ლხინი ჩემი ვაერთხელი, მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი”.

508. მოვიდა კაცი: “სასიძო მოვაო”, მოსლვა გვახარა, მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა; მეფესა მიხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა, მიბრძანა, ახლოს მიმისვა, “მოდიო”, თავი დახარა.

509. მიბრძანა: “ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია. გარდავიხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასა, სრულია; კაცი გავგზავნოთ, მოიღონ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია, უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია”.

510. მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი; სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ-დამზმელნი; შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი; მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი.

511. მეფემან ბრძანა: “მოკაზმეთ კარვითა მოედანია, გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია; მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ ხასნი სხვანია, ჩვენ აქა ვნახოთ, ესე სჯობს იქ ნახვის ოდნად კმანია”.

512. მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა. მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე ჰგვანდა არ აღვსებისა, შეიქმნა გასლვა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა, დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად დას-დასებისა.

513. მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა; შინა წამოვე მაშვრალი, ქმნა მომნდომოდა ძილისა; მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა: “ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა”

514. ცხენისაგან არ გარდავხე, წაველ ფიცხლად დავმორჩილდი; ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: “ცრემლსა რასა მილდი?” მითხრა: “შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი, გაუწყვედლად ვით გამართლო? რაგვარადმცა გავვაქილდი!”

515. შევედით, ვნახეთ წარბ-შერჭმით ბალიშსა ზედა მჯდომარე; მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე, წავდეგ, მიბრძანა: “რასა სდგა? დღე გიჩინს წინ საომარე; ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცდომარე?”

516. მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი. უკუვჰყივლე: “აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი! ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!” შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.

517. ასსა ვუბრძანე მონასა: “საომრად დაემზადენით” შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით. კარავსა შევე, სასიძო ვითა წვა, ზარ მაძს თქმად ენით, უსისხლოდ მოვკალ იგი, გლახ თუცა ხმდა სისხლისა დენით.

518. “ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი. წამოვე, წევნა დამიწყეს; დავხოცე ჩემი მდევარი. ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი, მუნ შიგან შევე მშვიდობით, საომრად მოსამზე ვარი.

519. კაცი გავგზავნენ, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა: აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა” არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა, ჩემი რა ცნიან, სცევდიან თავებსა მათსა მრთელასა.

520. ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად; ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად. ებრძანა თუ: “ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად, ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?

521. ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე? თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე? მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე, დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!”

522. მე შევუთვალე: “მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა, თვარა რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა? მაგრა თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა, მე თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა!

523. იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა – საჯდომია! ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, თქვენის მონობით მნდომია, ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია; სამარლით ტახტი უჩემოდ არავის მისახდომია!

524. ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არ – მართალია: ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია, ხვარაზმშა დასვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია? სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მე მერტყას ჩემი ხრმალია?!