ვეფხისტყაოსანი, 1970 წ.

525. შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე! ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე. ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე, სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე”

ამბვის ცნობა ტარიელისაგან ნესტან-დარეჯანის დაკარგვისა

526. ესე კაცნი გამეგზავნნეს, გონებასა გავეშმაგე. რომე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე. მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკენ რომე ვაგე, მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.

527. “გამოჩნდეს ორნი ქვევითნი, მე მივეგებე წინა-რე. ქალი ჰყვა ერთსა მონასა, მიღმავე ვცან თუ ვინ არე: თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირს სისხლი-ჩამომდინარე, აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა-რე.

528. “იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა; შორით ვუხმე: “რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?” მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა; მითხრა: “ღმერთმან სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა!”

529. “ახლოს მიველ, კვლაცა ვჰკითხე: “რაშიგან ვართ? თქვი მართალი!” კვლა საბრალოდ ამიტირდა, კვლავ მოედვა ამით ალი, დიდხანს სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი, მკერდსა წითლად უღებავდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.

530. “მერმე მითხრა: “მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე? მაგრამ ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე: ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე, დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე!”.

531. “მიამბო: “ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა, მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივარდა, შენ დაგიზახნა: “მიხმეთო”, ხმა-მაღლა გახმამყივარდა, მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამოჩივარდა.

532. “ჰკადრეს: აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან. მეფე ბრძანებს: “ვიცი, ვიცი; მეტად კარგა შემიგნიან; მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან, რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან.

533. “აწ თავმან ჩემმან, მას მოვჰკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა; მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა! მათ ბოზ-კუროთა ასეთი რა მისცეს, რა უქადესა? და თუ დავარჩინო, ღმერთი ვგმო! მისად პატიჟად მზად ეს-ა”.

534. “მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის, და თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის; ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა იცის, მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.

535. “დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან: “თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან”; მან აგრე თქვა: “უბრალო ვარ, იცის ღმერთმან სახიერმან! ვისგან მოვკვდე, ვისთვის წარვხდე, მიიხვედროს იგი ვერ მან”.

536. “პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხველ შენ ოდეს; შენეულნივე რიდენი ებურნეს, ტურფად შვენოდეს. დავარ მოთქმიდა სიტყვითა, რომელნი არა მსენოდეს; “ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ, შენცა, არა გლხენოდეს!

537. “როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე? ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე? არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ, რა გაქმნევინე! აწ, ღმერთსა უნდეს, ვერ მიხვდე, ვის ესე დააშლევინე!”

538. “ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა, დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა; მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქნა, ოდენ უშნა, ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა

539. “რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა, წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა, მათ კიდობანი მოჰქონდა, ეუბნეს არ აჯებითა, მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა.

540. “ზღვისაკენ გავლნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა. დავარ თქვა: “მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ, და! ვირე მომკლევდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა”. დანა დაიცა, მო-ცა-კვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.

541. “რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა! აწ იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა! ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთადგმა-დაუთმობელსა!” საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშობელსა.

542. “მე ვუთხარ: “დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია? რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია! აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია”. სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია.

543. “მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომივიდა ცხრო და თრთოლა; გულსა ვუთხარ: “ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა, გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა”. – აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა.