ვეფხისტყაოსანი, 1888 წ.

527. ,,მიბრძანა თუ: ,,ჰხამს დიაცი დიაცურად, საქმე დედლად, დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქმნები შუა-კედლად: რა მოვიდეს, სიძე მოჰკალ, მისთა სპათა აუწყვეტლად, – ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

528. ,,ასრე ჰქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო, მიპარვით მოჰკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო,,, მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, ზროხათა, ვითა ვირთაო, – დიადი სისხლი უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო!

529. ,,იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა, ჰკადრე თუ, – ,,სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა, ჩემია მკვიდრი მამული, არ მივცემ არცა დრამასა, არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა! –

530. ,,ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნურცა ნდომა, ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა; ჰქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკდომა; ,,ხელთა მოგცეს თავი ჩემი! შეგვფეროდეს ერთგან სხდომა,,.

531. ,,ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა, ჩემთა მტერთა დავაქადე დასახოცლად ხმლისა ქნევა; მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვე-ქვე წვევა; მწადდა, მაგრა ვერ შევმართე შემოჭდომა, შემოხვევა.

532. ,,ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი; ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი. ჭირი ბევრჯელ ვაათასე, ლხინი ჩემი ვაერთხელი, მერმე წასლვა არა მწადდა, ამად მივალ არ ფიცხელი,,.

533. მოვიდა კაცი: ,,სასიძო მოვაო,, , მოსლვა გვახარა, მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ არა; მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა-რა, მიბრძანა, ახლოს მიმისვა, ,,მოდიო,,, თავი დაჰხარა.

534. ,,მიჰბრძანა: ,,ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია; გარდავიხადოთ ქორწილი, ჰხამს ვითა დასა, სრულია; კაცი გავგზავნოთ, მოიღონ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია, უხვად გავცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე-უმეცრულია,,.

535. ,,მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი; სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ დამზმელნი; შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი; მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ველნი.

536. ,,მეფემან ჰბრძანა: ,,მოკაზმეთ კარვითა მოედანია, გამოისვენოს სიძემან, დაჰყოს ცოტაი ხანია; მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია, შენ აქა ჰნახენ,ნუ წახვალ, შენგან ესეცა კმანია,,.

537. ,,მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა; მოვიდა სიძე, გარდახდა, – დღე ჰგვანდა არ აღვსებისა – შეიქმნა გასლვა შიგანთა; ჯარია მუნ ხასებისა, დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად, დას-დასებისა.

538. ,,მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა; შინა წამოველ მაშვრალი, ქმნა მომნდომოდა ძილისა; მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა: ,,ადრე მოდიო, გიბრძანებს მზგავსი ალვისა ზრდილისა,,

539. ,,ცხენისაგან არ გარდავხე, წაველ ფიცხლად დავმორჩილდი; ქალი დამხვდა ნატირები, ვკითხე: ,,ცრემლსა რასა ჰმილდი?,, მითხრა: ,,შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავცილდი, გაუწყვედლად ვით გამართლო, რაგვარამცა გავაქილდი!,,

540. ,,შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შერჭმით მჯდომარე, – მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე – წავდეგ, მიბრძანა: ,,რასა დგი, დღე მიგიჩნს წინ საომარე; ანუ გამწირე, მიტყუვე და კვლავცა მოიმცდომარე?,,

541. ,,მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი. უკუ-ვყივლე: ,,აწ გამოჩნდეს, – არ მინდოდეს, ვისცა უნდი! ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!,, შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.

542. ,,ასა ვუბრძანე მონასა: ,,საომრად დაემზადენით,, შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით. კარავსა შეველ, სასიძო ვითა წვა, ზარმც-ა თქმად ენით, უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა, თუცა ხმდა სისხლისა დენით.

543. ,,კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე, ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე. წინა- მწოლთა დაიძახეს, გლოვა მიხვდათ საარაკე, ცხენსა შევჯე, წამოცაველ; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.

544. ,,ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი; წამოველ, წევნა დამიწყეს, დავხოცენ ჩემი მდევარი; ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი, მუნ შიგან შეველ მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი.

545. ,,კაცი გავგზავნე, ვაცნობე ყოვლგან ლაშქარსა ყველასა: ,,აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა;,, არ გაწყდა მოსვლა მდევართა ღამესა დია ბნელასა, ჩემი რა სცნიან, სცვიდიან თავებსა მათსა მრთელასა.

546. ,,ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად; ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად. ებრძანა თუ: ,,ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად, ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?