ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

316. “ასმათ, მითხრობდი, რაცა ჰსცნა ჩემგან ამბობა ცილისა ხუთისა წლისა შევიქმენ, მზგავსი ვარდისა შლილისა ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სირისა, და არა ჰგაოდის ფარსადანს მისი არა სმა შვილისა.

317. “ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერმიხდილისა, მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა; იტყოდეს ჩემი მჰნახავნი: “მზგავსია ედემს ზრდილისა, და აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.

318. “მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი.” ესე რა სთქვა, ყმამან სულთქნა, ცრემლით ჰბრძანა, “შობა ქალი; დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი: და სთქვა: “მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!

319. “წიგნი წიგნსა ეწეოდა, დედოფალი ოდეს შობდა, მოციქული- მოციქულსა, ინდოეთი სრულად სცნობდა; მზე და მთვარე განსცხრებოდეს, სიხარულით ცა ნათობდა; და ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა.

320. “ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა; ფარსადან დასჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ გვარითა; და საჭურჭლე გასცეს აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.

321. “საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა, მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა; უყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა; და აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა.”

322. ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა; ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა. ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი მოაპკურა. და სთქვა: “ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურა.”

323. “მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი, შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი, მთვარისა მზგავსი, შვენებით მზისაგან არ შეფრობილი, და მისსა ვით გაჰსძლებს გაყრასა გული ალმასი, წდობილი.

324. “იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა; მეფე ქალსა ვით ჰხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა, მამასავე ხელთა მიმცეს რა შევიქმენ ამა ზომსა, და ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.

325. “მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა; ქვად ფაზარი სხდა, დათლილი იაგუნდისა, ლალისა, კარზედა ბაღჩა, საბანლად სარაჯი ვარდის-წყალისა და იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!

326. “დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი: ზოგჯერ კოშკს სჯდის ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი. დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი. და მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.

327. “სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შადითა. ვერვინ ვხედევდით, შეიჰქმნა პირითა მინა ვარდითა; ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა. და მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

328. “თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა, დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა, და სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.

329. “მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემმან სრეულმან; მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან, შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან. და აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!

330. “მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა, ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა. მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა. და ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა ხსენება იშისა.

331. “მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო გაცუდებული, დღისით და ღამით ვაებდი, ვერვისგან სულდაღებული გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული; და ებრძანა: “შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

332. “ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა.” ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა, და “შენ გქონდეს ამირბარობა, ჰქმნა მისვე საურავისა”.

333. “ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრეტელთა; უკუნით გამომიყვანეს ხასთა მათ წინამდგომელთა: გამოსლვისათვის ზეიმი შეჰქმნა ინდოეთს მფლობელთა; და შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

334. “მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად. მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად, ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად; და არ მომეშვნეს, დავმორჩილდი, თაყვანი ვეც ამირბარად.

335. “აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია, გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია, ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია; და მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია.”