ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

257. ქალმან უთხრა: “მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი; ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი, ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი, და რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.

258. “იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვების, თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არ ვისგან დაიჯერების, მოილოდინე, მოვიდეს, რაზომცა დაგეყოვნების, და დაჰდუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.

259. “გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა: ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა; მე ასმათ მრქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა, და სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.

260. “ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანას ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მე მაჯანას; ვჰჭამ გლახ მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანას, და აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანას.

261. “ამას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო, რა მოვიდეს, შეველხვეწო, ნუ თუ ვით რა მოვაგვარო, ერთმანერთსა შეგამეცნე, თავი შენი შევაყვარო; და თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო.”

262. ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დართო ნება; ამა ზედა მოიხედეს, ხევით ესმა ჩხაპუნება, მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება, და უკურიდეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

263. ქალმან უთხრა: “ყმაო, მოგცა, ჟამად ღმერთმან, რაცა გინა; მაგრა თავი უჩინო ჰქმენ, დამალული იყავ შინა, იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არა ვინა, და ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა.”

264. ავთანდილ ქვაბსა დაჰმალა ქალმან მალვითა მალითა; იგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა, ჰშვენოდა კაპარჭ-ხმალითა; ასტირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა, და ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

265. ამარტის ფერად შეჰსცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან, დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან; შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან, და დაჰსდუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.

266. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები; მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები, მაზედა დასჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირმონამატები, და სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

267. მან ქალმან ხელჰყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა, ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა; მიუპყრა ერთი ახლიჩა, ჰქმნაა საქმისა ძნელისა, და ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

268. ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი, შეჰკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოიჭრა ვითა რეტი; იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი; და ცალკერძ ჰზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი.

269. “რად დაბრუნდი, მოახსენა, მითხარ, რაცა წაგეკიდა.” მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა, ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა, და იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩვა მარეკიდა.

270. სევდა მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავაალე; არ მიუვე ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე, მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე; და ვთქვი: ნუ-თუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალვე.”

271. ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდა ას ნაკეცი, ბევრის ბევრად; მოახსენა: “მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად, და მას მაგითა ვერას არგებ, დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად.

272. “ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია, ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია, გეახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია, და შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია.

273. უჰბრძანა: “დაო, ეგეა მზგავსი შენისა გულისა; მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა; ვის ძალ-აქვს პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ მოსრულისა, და ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.

274. ღმერთმან სხვამცა ეტლსა ჩემსა სადმცა კაცი რად დაბადა, სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა, ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა, და შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არა სადა.”

275. ქალმან ჰკადრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯდია; რადგან, ღმერთსა ვეზირობა შენი ჩემზედ მოუგდია, ვერ დავმალავ უკეთესსა, რაცა საქმე გამიცდია. და არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია.

276. ყმამან უთხრა: “რას მენუკვი, არა ვიცი, გამიცხადე, კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე; ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე, და განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე.”