ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

451. რამაზს ვარქვი: “შემიგნია საქმე შენი სამუხთალე, აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე, სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე, და თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე.

452. “რამაზ მითხრა: “აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე, ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე, ციხოვანთა გავუგზავნო, საუბარი გამიგონე, და ხელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე”.

453. “მივეც ერთი დიდებული, თანა ყმანი წავატანენ, ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ ხელთა მომცეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ და საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვით დავაგვანენ.

454. “მაშინღა შეველლ ხატავეთს მოვლად და მოსათვალავად კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: “იყვენით თქვენ უკრძალავად, და მზემან არ დაგვწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად”.

455. “საჭურჭლენი გარდავნახენ თავის თავის, კიდის-კიდე. უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე, და თუმცა ჰნახე, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდენ.

456. “ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად, ვისცა ვუჩვენე, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი, არ ორხოულად, და სიმტკიცე ჰგვანდის ნაჭედსა ვთქვი ცეცხლთა შენართაულად.

457. “იგი საძღვნოდ მისად დავდევ, ვისი შუქი მანათობდა, მეფისათვის დავარჩივე საარმაღნოდ რაცა სჯობდა ჯორ-აქლემი ათჯერ ასი, ყველაკაი წვივ-მაგრობდა და დატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა კარგსა ჰსცნობდა”.

X. წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე, ოდეს გაიმარჯვა ხატაველთა ზედა.

458. წიგნი დავწერე: “მეფეო, სვემცა არს თქვენი სვიანად! მე ხატაველთა მიმუხთლეს, თუცა მათ ეცა ზიანად, ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად, და მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან ტყვიანად.

459. “რა ყველაი დავიურვე, ხატავეთით გავემგზავრე, წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე, ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე, და მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავრე.

460. “ხატავეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია. ინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია, და ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია.

461. “დგანან ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა, საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა, მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა; და მიალერსებდა, მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.

462. “მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით, დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით მეფემან ჰბრძანა: “ლაშქარნი უხმენით, შემოჰჯარენით, დღეს ხატაველი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით”.

463. “რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე ტკბილად ჰნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე, – და ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიმგულვანე.

464. “მას მეფესა ხატაველსა უმასპინძლა, უალერსა, ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა, ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა: და “შეუნდობო ხატაველსა, მას აქამდის შენამტერსა?”

465. “შევკადრე: “ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა, თქვენცა უყავით წყალობა მას ღონე გაცუდებულსა”. რამაზს უბრძანებს: “იცოდი, გაგგზავნი შეწყალებულსა, და მაგრა ნუ გჰნახავთ კვლავცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა”

466. “ხარაჯი დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია, კვლავ ხატაური მრავალი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია, მერმე ყველანი დამოსა იგი და მისი ხასია, და შეწყალებული გაჰგზავნა, უყო რისხვისა ფასია.

467. “ხატაველმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, მოახსენა: “ორგულობა თქვენი ღმერთმან შემანანა, თუღა ოდეს შეღაგცოდო, მაშინ მომკალ მეცა განა!” და წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაატანა.

468. “მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია ებრძანა: “შენგან გაყრილვარ მას აქათ თვეო სამია, მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია, და არ დამაშვრალხარ, წამოდი, თუცა დაშვრომის ჟამია”.

469. “შევეკაზმე, დარბაზს მიველ, – დამხვდა ჯარი ავაზისა, შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა მეფე ქვე სჯდა შეკაზმული, შვენებითა მზგავსი მზისა და გაეხარნეს მისვლა ჩემი ტურფისა და ლამაზისა!