ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

197. უყივლა თუ: “ძმანო, ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამსგავსე!” მათ მიუგეს: “დაგვიწყნარდი, გვიშველე და ცეცხლნი ავსე, ვერა გვარგო, მოგვიმტკივნე, ჭირნი ჭირთა მოგვისავსე, და სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსე.”

198. ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა. მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა. “ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, და დია გვაქვს ციხე ქალაქი ხატავეთს არემარეთა.

199. “კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით, გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით; სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით, და ვჴოცეთ მხეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით.

200. “ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით, მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით: მე უკეთ მოვჰკლავ, მე გჯობო, სიტყვანი ვავაქილენით, და ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით.

201. “დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა, ვჰსთქვით: “გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა თავითა, თავსა ვეხალნეთ მარტონი, დავდგეთ თავისა თავითა, და თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამჰნახავითა

202. “ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია, ლაშქართა წასლვა ვუბრძანეთ, მით არას მოაზრენია, მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია, და დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია.

203. “ანაზდათ მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია ზედა სჯდა შავსა ტაიჭსა, მერანი რამე შავია; თავსა და ტანსა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავია; და ჯერ მისი მზგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.

204. “უჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით; ვჰსთქვით, თუ მზეაო ქვეყნად, ნუ ვეუბნებით ცად ენით; მისი მოგვინდა შეპყრობა, ვკადრეთ და შეველცადენით, ასრე სულ-თქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისა დადენით.

205. “მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით, ჩემმან შემდეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით; ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა, ვუალეთ ჩვენებით; და მივმართეთ. იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.”

206. “ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა, იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა, არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა; და მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა.

207. “უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით; ხელი მოჰკიდა, დადეგო, ესეცა ჰკადრა კიდ დენით, მან ჴმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით, და თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.

208. “მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა, ვითა მკვდარი უსულო ჰქმნა, ვითა მიწა დაამიწა; მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოამიწა; და თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყიწა.

209. “აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად; აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად”. შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად; და ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

210. აჰა მიხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა, რადგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა; კაცსა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა პოვნა, და მაშინ მისგან აღარა ჰხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.

211. უთხრა თუ:”ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა, მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა; აწ თქვენგან მივჰხვდი საქმესა ყოლა არ საადვილოსა, და ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა.”

212. “ვითა მე მივხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა,“ აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა. უჩვენა მისი სადგომი: “მიდითო ნება ნებასა; და ჩრდილსა გარდასვით, მაშვრალნი მიეცით მოსვენებასა.”

213. ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა, ვითა გავაზი გაფრინდა, არ გაშვებული ხეზითა; ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზესითა და დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.”

214. მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს, საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს! “ჰხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, და არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

215. “რადგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად, რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად, მივეწევი, შევიყრებით ერთმან ერთის ცემა-ჟლეტად; და ანუ მომკლავს, ანუ მოვკლავ, დაიმალვის მეტისმეტად.

216. ავთანდილ იტყვის: ეზომი ჭირნიმცა რად ვაცუდენი, რაცაღა არის, არა არს, თუმცა არ ედგნეს ბუდენი; სადაცა მივა - მივიდეს, რაზომც მოვლიდეს ზღუდენი, და მუნითგან ვძებნნე ღონენი ჩემნი არ დასამრუდენი.”