ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

VI. ამბავი ტარიელის პირველად გამიჯნურებისა.

336. კვლავ დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანნი მოიტირა: “დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა მიბრძანა, თუ: “ქალი ვნახოთ”, ხელი ხელსა დამიჭირა. და მის ჟამისა მხსენებელი მე სულ-დგმული არ გიკვირა?“

337. “ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა. და კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

338. ,,ზღუდედ მოვლიდა ზურმუხტი, ხე ალვა დარიგებითა. მეფე გარდახდა მუნ, სადა კოშკად ბაზარგებითა; შიგნით შევედით, სრა დაგვხვდა, მოცვული ფარდაგებითა. და მაშინ ნასობთა ლახვართა, სულნო, ვით დაუდგებითა!

339. “მეფემან ახმა დურაჯთა, მითხრა მიტანად ქალისა გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა მაშინ დავიწყე გარდაჰხდა მე საწუთროსა ვალისა, და ალმასისა ჰხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!

340. “ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა, მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა და ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.

341. “ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა ქალსა შევხედე, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა, მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა, და ვამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!

342. “აწ წარხდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი”, მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქნა მწარენი ყმა და ასმათი ტიროდეს, ხმას სცემდეს იგი არენი. და ჭმუნვით სთქვეს: “მკლავნი ცუდ ჰქმნილან, ვა, გმირთა მემუქარენი!”

343. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია, დიდხან ვერა სთქვა, სევდამან გული შეუპყრა დარია დასჯდა და მწარეთ სულ-ითქმან ცრემლი მიწასა გარია, და სთქვა: “ჩემგან მისი ხსენება, ვამე, რა დიდი ზარია!

344. “მიმნდომნი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან, იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან და ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეღამრჩებიან.

345. “დურაჯნი მთხოვნეს გავიღე სხვა ვერა გზა ღა თავისა, დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა, რა სულად მოვე შემესმა ხმა ტირილისა დავისა, და გარე მომრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა.

346. “შიგან ვსწე დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა, ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა, პირსა იხოკდესჴელითა, ღაწვისა გამპობელითა; და მუყრნი მოასხნეს, სენითა მსთქვეს გამაბელზებელითა.

347. “მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია, ცრემლით მითხრა: “შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ ღა, სიტყვა ჰსთქვია.” მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი, შევკრთი დია და კვლავ დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

348. “სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარეშემო მცვიდიან; მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან, მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჰჩმახვიდიან. და სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

349. “აქიმნიცა იკვირვებდეს: “ესე სენი რა გვარია: სამკურნალო არა სჭირს-რა, სევდა რამე შემოჰყრია” ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია, და დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია”.

350. “სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკვდარი; მერმე ცნობა მომივიდა, მივხვდი რასმე მიუმხვდარი ვთქვი, თუ: “ჰაი რაშიგან ვარ მე, სიცოცხლე-გარდამხდარი!”. და თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვკადრე სიტყვა სამუდარი.

351. “ვთქვი თუ, “ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე, მომეც ძალი დათმობისა, ცოტათ ვითმე აღმადგინე, აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!” და მანვე ჰქმნა და მორევჯობდი, გული წყლული გავიკურნე.

352. “მე წამოველ, მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა. ახარებდეს: “წამოჯდაო”, დედოფალი გამოჰრბოდა; მეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა; და იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა.

353. “იქით და აქათ მომიჰსხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია. მე მოვახსენე: “პატრონო, გული აწ უფრო მრთელია, ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია”. და ცხენი მომგვარეს, შეცავსჯე, მეფე ჩემთანა მვლელია.

354. “გამოვედი, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა; შინა მივე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა; და ვთქვი, თუ: “მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა რასღა ღირსა.