ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

296. “ჭმუნვა შეეჰქმნა, თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია. მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია ვერ ნახეს შენი მჰნახავი ვერცა ყმა, ვერცა ბერია და აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.

297. “მიბრძანა: "მიცან ამბავი მის ყმისა წარხდომილისა, მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შენგან მონდომილისა". სამს წლამდინ მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა და არ გიკვირს, გავსძელ ვერ ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?!

298. “აქანამდის მჰნახავიცა კაცი შენი არ მეჰნახა ქურდნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა მათრახითა ჩამოგეგდო ერთი, მკვდართა დაგესახა და მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე გლახა.”

299. ტარიელსცა გაეხსენა ომი მათი მაშინდელი, იტყვის:“მახსოვს ეგე საქმე, თუმცა არის ადრინდელი ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი და მით ვტიროდი, მომეგონა მე გლახ ჩემი წამწყმედელი.

300. “რას მაქნევდით, რა გინდოდა, ერთმანერთსა რითა ვჰგვანდით; თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით? რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით, და აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით.

301. “მოვიხედე, მომეწია, რა პატრონი შენი ვნახე, ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე, თვალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შევუზრახე და ჩემი ცხენი უჩინოს ჰგავს, სხვასამცა რად ვასახე!

302. “კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება; მას გავექცევი ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება, და ავად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.

303. “აწ ვაშად მოხველ, მეამა ნახვა შენისა პირისა,– ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მზგავსი გმირისა; გარჯილხარ, მაგრა არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა; და ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა”.

304. ავთანდილ უთხრა: “ვით მაქებ საქები ბრძენთა ენის, მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა? სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა, და რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.

305. ,, მოვსულ ვარ, შენად შეყრამდინ ვიყავ ამბვისა მძებნელი; რა გნახე, შენგან საჴმილმან ბნელსა მიმატა მე ბნელი; ეგე მეც ვიცი, მეცა ვარ მაგა ლახუართა მგებნელი, და ბოლოდ იცოდი, სიკუდილი ჩემგან გაყრისა მძებნელი.“

306. “ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა დამიგდია სამსახური, იგი იჰქმნას, რაცა გინდა იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა, და შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!”

307. ტარიელ უთხრა: “მე შენი გული აწ მემხურვალების მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების! მაგრა წესია – მიჯნური მიჯნურსა შეებრალების და შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რად გენაცვალების!”

308. “წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად; ღმერთმან ჰქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად. მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად. და მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქს ალად, მურად”.

309. ასმათ უთხრა: “ცრემლით, ლომო, მაგა ცეცხლსა რა ერგების! მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების; ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების, და ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ჰქმნას, რა ღონე დაედების.

310. “მეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა; ნუ თუ ყოს ღმერთმა გაძლება, მემცა ვით მივეც ენასა! თუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა. და არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა”.

311. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი, დაალებული ასმათს უბრძანა: “მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული! და კვლავ ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.

312. “კაცმან ვით ჰპოვოს, ღმერთისაგან რაც არა დანაბადია! მით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბადია, კვლავ გზასა მიკრავს, მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია და აწ ხელთა ნაცვლად სოფლისა ჩალა მაქვს და ნაბადია.

313. “მაგრა ღმერთმან მოწყალემან მით სახითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა, პირველ შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა, და კვლავ ნუ-თუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა”.

314. ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ჰხამსო თუ, მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს: ღმერთმან ერთი რად აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს? და შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს.”

315. ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე, დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე მკვდარი მნახო, დამიტირე, სულ-თქმა გაათანისთანე, და მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე”.