ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

430. “ზედან წიგნსა საფიცარსა შევფიცე და შემომფიცა, მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა, “უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა, და ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთიცა”.

431. “დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით, ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით, მერმე ავდექ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით, და მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

432. “მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ ბადახშ-მინისა. მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა, ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა, და აწ მიკვირს, მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!”

433. დილასა შევსჯე, ვუბრძანე: “ჰკარით ბუკსა და ნობასა”. სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა. ლომმან მივმართე ხატავეთს, ვერვინ მიძრახავს მხდლობასა, და უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

434. “დავაგდე მზღვარი ინდოთა მევლო პაშტაი ხანია, რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატავეთის ხანია, მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია: და “ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, თქვენი ინდონთა თხანია”.

435. “მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი. მითხრეს: “გკადრებს, - ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ საქმნელი, ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი, და მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

436. “რაცა შეგცოდეთ, შეგვინდე, თვით ჩვენვე შეგვინანია, თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდე, აქა ნუ მოვლენ სპანია ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რისხვით არ დაგვტყდეს ცანია და ჩვენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია”.

437. “გვერდცა დავისხენ ვეზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით მითხრეს თუ: “ხარო ყმაწვილი, ბრძენნი მით გკადრებთ გლახ ენით: არიან მეტად მუხთალნი, ჩვენ ერთხელ კვლავცა ვნახენით და არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!

438. “ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა, ლაშქარნი ახლოს გვეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა გულ-მართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღმრთითა და ცითა და არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა, კვლავ და კვლავცითა”.

439. “მეკეთა ესე თათბირი, ვეზირთა ნავეზირები, შევთვალე: “რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები, სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები, და ლაშქართა დავყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები”.

440. “მათ ლაშქართაგან სამასი კარგი მოყმენი ქველანი, თანა წამომყვეს, წაცაველ, დავყარენ სპანი ყველანი დავჰვედრე: “სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი, და ახლოს მომდევდით, მიშველდით, გიხმობ, თუ მინდენ შველანი”

441. “სამ-დღე ვიარე, მემთხვივა, სხვა კაცი მისვე ხანისა. კვლავ ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა, ებრძანა: “მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა, და რა შეგეყარო, მაშინ ჰსცნა შენ ძღნობა ამისთანისა”.

442. “კვლავცა ესთქვა: “მართალია ეზომ ჩემი მონახსენი, მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი”. მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანება ვჰქმნა მეცა თქვენი, და ტკბილად ვნახნეთ ერთმან ერთი, ვიყვნეთ ვითა მამა ძენი”.

443. “მუნით წასული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა კვლავ მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა, წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა: და “შენსა ნახვასა მეფენი”, სთქვეს მართლად ინატრიდესა”.

444. “მითხრეს: “მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები, სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები”. მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები, და მეტად ამოდ ვუალერსე, ერთგან დაწვნეს ვით მაყრები.

445. “კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების,– ერთი კაცი უკმორესწდა, მოდგა, მალვით მეუბნების: “დიდი მაძსო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების, და გაწირვა და დავიწყება ჩემგან შენი არ იქმნების.

446. “მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი. თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვარდი; მკვდარი მიმძიმ საჰნახავად, ტანი მჭევრი, პირი ვარდი; და ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე დამიწყნარდი.

447. “რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ, ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ, კვლავ სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ და აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.

448. “მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან, მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხვევიან. და რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან”.

449. “მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია, “რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა მიდია და თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია”.