ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

256. იტყვის თუ: “ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების, ვისთვისმე ხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების”. კვლავ უთხრა: “დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების, და ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების.

257. “ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუძლებლად სულთა დგმისად ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადამი სად და გული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად.

258. “მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე, მისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე ორისაგან ერთი მიყავ: ტყვე მქმენ, ანუ მააზატე, და ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე”.

259. ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი: “ეგე სიტყვა მოიგონე დია რამე უკეთესი წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი, და აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.

260. “მაშა რადგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე; არ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ მაგონე, არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნივე, დაგაღონე, და შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე:

261. “აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები, რასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები, და მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გაცასწბილდები”.

262. ყმამან უთხრა: “ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა; ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა უკანამან წინა ჰნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა, და ზედ მიადგა, ჩაჰყიოდა, სტირს, იძახის ვაგლახ ვასა!

263. “ეგრე უთხრა: “ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე, წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუცა ამოგზიდე” მას ქვეშეთსა გაეცინა, გაუკვირდა მეტად კიდე; და შემოჰყივლა: “არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე.”

264. “აწ, დაო, შენსა ხელსაა ჩემი საბელი ყელისა, სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აღპყრობა ხელისა რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა და თვარ ვისმცა ეჰქმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა.”

265. ქალმან უთხრა: “მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი; ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი, ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი, და რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.

266. “იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვების თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არ ვისგან დაიჯერების, მოილოდინე, მოვიდეს, რაზომცა დაგეყოვნების, და დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.

267. “გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა: ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა: მე ასმათ მრქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა, და სულ-თქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.

268. “ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა: ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა, ვჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა, და აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.

269. “ამას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო რა მოვიდეს, შეველხვეწო, ნუ თუ ვით რა მოვაგვარო ერთმანერთსა შეგამეცნე, თავი შენი შევაყვარო, და თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო”.

270. ქალსა ყმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დართო ნება ამა ზედა მოიხედეს, ხევით ესმა ჩხაპუნება მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება, და უკურიდეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაჰყოვნება.

271. ქალმან უთხრა: “ყმაო, მოგცა, ჟამად ღმერთმან, რაცა გინა; მაგრა თავი უჩინო ჰქმენ, დამალული იყავ შინა,– იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინა,– და ნუ-თუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა”.

272. ავთანდილ ქალმან დაჰმალა ქვაბს დამალვითა მალითა. იგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა, ჰშვენოდა კაპარჭ-ხმალითა, ასტირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა, და ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

273. ამარტის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან. დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან და დაჰსდუმდესს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.

274. ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები მაზედა დასჯდა იგი ყმა, სულ-თქვამს ჭირ-მონამატები, და სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

275. მან ქალმან ხელ-ჰყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა, ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა მიუპყრა ერთი ახლიჩა, ჰქმნაა საქმისა ძნელისა და ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.