ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

276. ცოტათ მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი, შეჰკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოიჭრა ვითა რეტი, იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი და ცალ-კერძ ჰზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი.

277. “რად დაბრუნდი, მოახსენა, მითხარ, რაცა წაგეკიდა?” მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა, ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა, და იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩვა მარეკიდა.

278. “სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავაალე: არ მიუვე ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე, მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე. და ვთქვი: ნუ-თუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალვე”.

279. ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდა ას ნაკეცი, ბევრის ბევრად მოახსენა: “მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად, არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად, და მას მაგითა ვერას არგებ,– დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად?

280. “ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია. ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია? გეახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია,– და შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია!”

281. უჰბრძანა: “დაო, ეგეა მზგავსი შენისა გულისა, მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა! ვის ძალ-აქვს პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ მოსრულისა? და ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.

282. “ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა სადმცა კაცი რად დაბადა! სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა, ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა?! და შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა”.

283. ქალმან ჰკადრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯდია რადგან, ღმერთსა ვეზირობა შენი ჩემზედ მოუგდია, ვერ დავმალავ უკეთესსა, რაცა საქმე გამიცდია. და არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია”.

284. ყმამან უთხრა: “რას მენუკვი, არა ვიცი, გამიცხადე კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე? ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე! და განაღამცა გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე”.

285. ქალმან კვლავ ჰკადრა: “გაგსაჯე მეტითა შეგონებითა, მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა, იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა, და ჰფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ სავნებლისა ვნებითა”.

286. მან უჰბრძანა: “თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ, სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ! არას ვუზამ უგემურსა, არა ოდეს გავამწარებ და რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ”.

287. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად არ ეწყინაო, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად და იგი რა ჰნახა ტარიელ, სთქვა მზისა დასაგვანებლად.

288. გამოეგება ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად, ანუ ცით მთვარე, უღრუბლოდ შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად, რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად, და ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვსთქვა მე დარად.

289. მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს, ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს ყელი ყელსა გადააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს, და ქარვად შექმნეს იაგუნდნი მათნი, თუმცა ლალად ღირდეს.

290. მობრუნდეს, ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრაჴელითა ერთგან დაჰსხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა ასმათი სულსა უღებდა, სიტყვითა საკვირველითა: და “თავთა ნუ დაჰჴოცთ, ნუ ბნელ იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა”.

291. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ დაზრული ყმასა უთხრა: “მესწრაფების, მითხარ შენი დაფარული, ვინ ხარ, ანუ სით მოსულხარ, სადაური, სით მოსრული? და მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა განწირული”.

292. ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია: “ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია: მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია, და მიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.

293. “მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ-მაგრებია. თუცა არ მიცნობ, გიჰნახავ, თავი ვით გიაზრებია: და გახსოვსცა, ოდეს დაჰჴოცე მონები მკლავ-მაგრებია?

294. “შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით, პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით: გიხმეთ, არ მოხველ, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით, და შენ ველნი წითლად შეჰღებენ სრულად სისხლისა მიდენით.

295. “ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ. მეფე შესსჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ ვითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ და ამან უფრო დაგვაშმაგა, თავი სრულად გავშეთეთ.