ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

335. ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი მოაპკურა და სთქვა: “ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ ა.

336. “მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი. შვიდისა წლისა შეიჰქმნა ქალი წყნარი და ცნობილი, მთვარისა მზგავსი, შვენებით მზისაგან ვერშეფრობილი,– და მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წდობილი!

337. “იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწდომსა! მამასავე ხელთა მიმცეს რა შევიქმენ ამა ზომსა, და ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვჴოცდი ლომსა.

338. “მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა; ქვად ფაზარი სხდა, დათლილი იაგუნდისა, ლალისა, კარზედა ბაღჩა, საბანლად სარაჯი ვარდის-წყალისა და იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!

339. “დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი ზოგჯერ კოშკს სჯდის ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი. დავარ იყო და მეფისა, ქვრივი,– ქაჯეთს გათხოვილი, და მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.

340. “სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შადითა ვერვინ ვხედევდით, შეიჰქმნა პირითა მინა ვარდითა ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა და მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

341. “თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა, და სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.

342. “მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემმან სრეულმან; მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან, შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან. და აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!

343. “მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა! ჰქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა. მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა. და ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა ხსენება იშისა.

344. “მე წელიწდამდის ბნელსა ვსჯე საწუთრო-გაცუდებული, დღისით და ღამით ვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული,– და ებრძანა: “შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

345. “ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა” ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა, და “შენ გქონდეს ამირბარობა, ჰქმნა მისვე საურავისა”.

346. “ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა! უკუნით გამომიყვანეს ხასთა მათ წინამდგომელთა: გამოსლვისათვის ზეიმი შეჰქმნა ინდოეთს მფლობელთა; და შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

347. “მათ საჯდომთა ახლოს დამჰსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად. მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად და არ მომეშვნეს, დავმორჩილდი, თაყვანი ვეც ამირბარად.

348. თავადობა ინდოთა და მრავალთაცა მქონდა სხვათა; ვნაპირობდი, თუ ვინ იყვის მავნებელი ჩემთა სპათა; ხალვად ვჯდი და ვიხარებდი, ზემი შევქმნი მღერა სმათა; და სპათა ვმოსდი, ვნადირობდი, ქება თქვიან ჩემთა ქნათა.

349. “აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია; გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია! ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია, და მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია”.

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გაუმიჯნურდა

350. კვლავ დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანნი მოიტირა: “დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა მიბრძანა, თუ: “ქალი ვნახოთ”, ხელი ხელსა დამიჭირა. და მის ჟამისა მხსენებელი მე სულ-დგმული არ გიკვირა?!

351. ტარიელს თვალნი სისხლისა ცრემლითა დავალებიან: თქვა:’’ნახვისაცა უღირსსა, ვისგან სახმილი მზდებიან, უმისოდ ძმანი რად მძმობენ, ანუ რად დანი მდებიან. და აწ ვახსენებ მე დღესა, როდიდგან ცეცხლნი მდებიან.

352. “ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა მრავლად იყო სარაჯები ვარდის წყლისა აბანოსა. და კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

353. ,,ზღუდედ მოვლიდა ზურმუხტი, ხე ალვა დარიგებითა; მეფე გარდახდა მუნ, სადა კოშკად ფარაზი გებითა. შიგნით შევედით, სრა დაგვხვდა, მოცვული ფარდაგებითა. და მაშინ ნასობთა ლახვართა, სულნო, ვით დაუდგებითა!“