ვეფხისტყაოსანი (Q-483), XIX ს.

276. აჰა მიჰხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა რადგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა კაცსა მიხვდეს საწადელი რას ეძებდეს უნდა პოვნა მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა

277. უთხრა თუძმანო ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა მე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა აწ თქვენგან მივხვდი საქმესა ყოლა არ საადვილოსა ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქს თქვენსა დასაღრეჯილოსა

278. ვითა მე მივხვდი წადილსა ჩემის გულისა ნებასა აგრემცა ღმერთი ნურას იქს ძმისა თქვენისა ვნებასა უჩვენა მისი სადგომი მიდითო ნებანებასა ჩრდილსა გარდასვით მაშვრალნი მიეცით მოსვენებასა

279. ესე უთხრა და წავიდა ცხენი გაქუსლა დეზითა ვითა გავაზი გაფრინდა არ გაშვებული ხეზითა ან მთვარე მზისა შემყრელი მზე სინათლითა ზეზითა დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა

280. მიეწურა იგონებდა ახლოს შეყრა ვითა აგოს საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს ხამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს მოიძაგოს

281. რადგან ისი არის რადმე უცნობოდ და ისრე რეტად რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად მივეწევი შევიყრებით ერთმანერთის ცემაჟლეტად ანუ მოვჰკლავ ანუ მომკლავ დაიმალვის მეტისმეტად

282. აწ იმა ყმისა საკრავად ხრმალსაცა ვით მიჰყევ ნები არ მოვჰკლავ არცა მოვჰკვდები არ ვავნებ არცა ვევნები შორით თვალითა მივსწურავ უკანა დავედევნები იარეს გავლეს მრავალი მინდორი შამბნარ ხევნები

283. გარდახდა და თაყვანის სცა ახსენა ღმრთისა სახენი შენ გმონებს ყოვლი ქვეყან ყოველნი მონა სახენი შენგან მიხვდების წადილსა უღონო მოვაგლახენი ავთანდილ გეძებ სიცოცხლე შენთვის ლახვართა ვახენი

284. ავთანდილ იტყვის ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი რაცაღა არის არ არის თუმცა არ ედგნეს ბუდენი სადაცა მივა მივიდეს რამცა მოვლიდეს ზღუდენი მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არ დასამრუდენი

285. წინაუკანა იარეს ორნი დღენი და ღამენი დღისით და ღამით მაშვრალნი არ საჭამადთა მჭამენი არსადა ხანი არ დაყვეს ერთნი თვალისა წამენი მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს მინდორთა მოსალამენი

286. დღისით ვლეს და საღამოჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს პირსა წყალი ჩანადენი წყლისა პირსა არ ითქმოდა შამბი იყო თუ რასდენი ხე დიდრუან თვალუცდომი მაღლა კლდემდის ანაყრდენი

287. დადგა უჭვრეტს ალვის შტოსა ანძრევს გარე ჰქონდა ყელსა ავთანდილს ჰკვირს ეგრე ვითა გაანათებს მზეებრ ველსა პირად მზესა გულად ლომსა ტანად შეჰგავს სარო მზრდელსა მოიგონებს გულ ამოსკვნით მასვე მისსა საგონელსა

288. მან ყმამან ქვაბსა მიმართა განვლნა წყალნი და კლდენია ავთანდილ ცხენსა გარდახდა მონახნა დიდნი ხენია მას ზედა ჭვრეტად გავიდა ძირსა დააბა ცხენია მუნით უჭვრეტდა იგი ყმა მივა ცრემლმინადენია

289. რა ტყენი გავლნა მან ყმამან მოსილმან ვეფხის ტყავითა ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა ატირდა მაღლად ცრემლითა ზღვათაცა შესართავითა იგი ყმა ცხენსა გარდახდა ყელსა მოეჭდო მკლავითა

290. ყმამან უთხრა დავო ასმათ ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს ვეღარ მივხვდით ჟამიერად ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა ცრემლნი გარდმოსცვივდეს ქალი შებნდა მოეხვია ერთმანერთსა სისხლით სწმიდეს

291. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა ერთმანერთსა ეხვეოდეს ყმა ქალსა და ქალი ყმასა იზახდიან მოთქმიდიან ხმა სცემდიან კლდენი ხმასა ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევაზმასა

292. სული დაიღო მან ქალმან დასთმო გულისა წყლულობა ქვაბს შეიყვანა ტაიჭი მოხადა აკაზმულობა მას ყმასა შეხსნა შეიღო აბჯრისა წელმორტყმულობა შინა შევიდეს მას დღესა გარდახდა გამოსრულობა

293. ავთანდილს უკვირს ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა გათენდა ქალი გამოდგა მოსილი მითვე ფერითა შავსა აუდვა ლაგამი სწმენდდა რიდისა წვერითა შეკაზმა მოაქვს აბჯარი წყნარად არ რამე ჩხერითა

294. მის მოყმისა წესი იყო მეტსა თურე არ ასე ჯდა ქალი ტირს და მკერდსა იცემს თმისა ტევრსა გაიგლეჯდა ერთმანერთსა მოეხვივნეს აკოცა და ცხენსა შეჯდა ასმათ ისრე დაღრეჯილი კვლა უფრორე დაიღრეჯდა

295. ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა ულვაშაშლილი წვერგამო ნუ თუ მზეაო თქვა ცისა ეყნოსა სული ალვისა ქართაგან მონატაცისა ასრე უჩნს მოკლვა ლომისა მართ ვითა ლომსა ვაცისა