ვეფხისტყაოსანი, 1867 წ.

177. ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა, დააგდო მზღვარი არაბთა, სხვათ მზღვართა არე იარა; მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა, და ჰსთქვა: “თუ მე მასმცა ვეახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა.”

178. ახალმან ფიფქმან დასთოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა. მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა. ჰსთქვის: “ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათიანასა, და მოვშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა.”

179. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჰსჭკნებოდა, გულსა უთხრის თუ, დაჰსთმეო, ამად არ დია ბნდებოდა, უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა, და მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა, მათ თანა ემოყვრებოდა.

180. მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა ჰსდის ზღვათა შესართავისად, უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად; თქვის: “საყვარელო, მოგშორდი გული შენ დაგრჩა, ვსთქვა ვისად? და შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად.”

181. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა, ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არ იარა; მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა; და ამაშიგან წელიწადი სამი სამ თთვედ მიიყარა.

182. მიხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა, თთვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა. იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა, და დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა.

183. მას მიხვდა წევრი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა. გამოჰსჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა. მის მთისა ძირსა წყალი ჰსდის, არად სანდომი ხიდისა. და ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

184. ზედ წაადგა. შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს, თვენი ესხნეს ორანიღაა, ამად სულსთქვამს, არა იშობს. “ვა თუ საქმე გამიმჟღავნდეს“, კვლავ ამისთვის გულმოშიშობს. და “ავსა კარგად ვერვინ შეჰსცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს:

185. საგონებელი შეეჰქმნა, დადგა საქმისა მრჩეველად. სთქვა: “თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად? ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად, და მისი ვერა ვსცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?”

186. “თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი, რომელსა ვეძებ, ვერა ვცნე ამბავნი მე მისთანანი, დრო გარდაუწყდეს შერმადინს, შეჰრჩეს ღაწვისა ბანანი, და მივიდეს, ჰკადრნეს მეფესა საქმენი დასაგვანანი,

187. “უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული მათ შეჰქმნან გლოვა,ტირილი, ჰქმნან საქმე გამწარებული მერმე მივიდე ცოცოხალი, სადმე სხვაგან მე რებული!” და ამას იგონებს ტირილით გონება,შეიწრებული.

188. იტყვის: “ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ, მე ეზომნი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ? გულით ჩემით სიხარულნი აღჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ, და დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერა ოდეს დავიყუდენ!”

189. კვლავცა იტყვის: “დათმობა სჯობს”, და თავსავე ეუბნების: “დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების, უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების, და განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების”.

190. თავს უთხრა: “მოჰკვე, გიჯობსო სიცოცხლეს აუგიანსა, მიხვალ დაგხვდების თინათინ, ანათებს დღესა მზიანსა; გკითხოს მის ყმისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა?” და იგონებს წამწამ, მიჰყვების ტყის პირსა შამბნარ-წყლიანსა.

191. “ყოვლნი არსნი ცათ ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან, მაგრა საქმე მის კაცისა ვერა სადა შემიგიან. უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად სთქვიან, და აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან.”

192. მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია, მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია; გაჰსცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია, და ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.

193. მობრუნება დააპირა, სულთქნა, მერმე ივაგლახა; მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოჰსახა; თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა; და მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.

194. თუცა მხეც ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესითა, ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა; ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავუგრძესითა, და შამბისა პირსა გარდაჰხდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.

195. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირემ მწვადი შეიწოდეს, ექვსნი რამე ცხენოსანნი ჰნახა, მისკენ მივიდოდეს; სთქვა;“თუ ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს? და აქა კაცი ხორციელი კვლავ ყოფილა არა ოდეს.”

196. ხელთა ჰქონდა ისარ-მშვილდი, მათკენ მივა მხიარული. ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული, თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული; და ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ-სული.