... (Q-797), XIX ს.

322. გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია჻ მისეულთავე რიდეთა, ნაკვეთი გამიგზავნია჻ ესენი ჩემთვის მის გამო, ტურფანი სანახავნია჻ თუმცა თუ ფერად ბედისა, ჩემისა მგზავსად შავნია჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი჻

323. აწ საყვარელსა მიუწერ, გულ ამოსკვნილი მტირალი჻ მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდა ვის ალი჻ დაწერა წიგნი მსმენელთა, გულისა გასაგმირალი჻ ვარდი გააპის გამოჩნდის, მუნ ბროლი გამომჭვირვალი჻

324. ჱე ჩემო ესე უსტარი, არს ჩემგან მონაღვაწები჻ ტანი კალმად მაქვს, კალამი ნაღველთა ამონაწები჻ მე გული შენი ქაღალდად, გულსავე ჩემსა ვაწები჻ გულო შავ გულო დაბმულხარ, ნუ აეხსნები აწ ები჻

325. ხედავცა ჩემო სოფელი, რათა საქმეთა მქნელია჻ რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია჻ ბრძენნი იცნობენ სწუნობენ, მით მათგან საწუნელია჻ უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე რა დიდი ძნელია჻

326. ხედავ ჩემო ვით გაგვყარნა, სოფელმან და ჟამმან კრულმან჻ ვეღარ გნახე საყვარელი, მხიარული მხიარულმან჻ ნეტარ რა ქნას უშენომან, გულმან შენგან დალახრულმან჻ გაგიცხადა დამალული, გონებამან დაფარულმან჻

327. შენმან მზემან აქანამდის, შენ ცოცხალ არ მეგონე჻ ჩემი მეთქვა გარდასრულდა, სიცოცხლე და ყოვლი ღონე჻ აწ რა მესმა შემოქმედი, ვადიდე და ღ~თსა ვმონე჻ ჩემი ყველა აქანამდისი, ჭირი ლხინსა შევაწონე჻

328. შენი სიცოცხლე მეყოფის, ჩემად იმედად გულისად჻ გულისა ერთობ წყლულისა, და ასრე დადაგულისად჻ მამიგონებდი გახსოვდე, მე შენთვის დაკარგული სად჻ ვზი მზრდელი სიყვარულისა, მის შენგან დანერგულისად჻

329. სხვად ჩემო ჩემი ამბავი, ჩემგან არ მოგეწერების჻ ენა დაშვრების მოსმენით, არვისგან დაიჯერების჻ ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღ~თიმცა მის ეტერების჻ აწ კვლავ ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების჻

330. აწ სოფელმან უარესი, ჭირი ჭირსა მიმისართა჻ არ დასჯერდა ბედი ჩემი, მას პატიჟთა მრავალ გვართა჻ კვლაცა მიმცა შესაპყრობლად, ქაჯთა ძნელად საომართა჻ ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო რაცა დაგვემართა჻

331. ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან჻ გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან჻ დღისით და ღამით მოყმენი, ნობათსა არ დასცდებიან჻ მათთა შემბმელთა დაჰჴოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან჻

332. ნუთუ ესენი გეგონენ, სხვათა მებრძოლთა წესითა჻ ნუცა მე მამკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა჻ შენ მკუდარსა გნახავ დავიწვი, ვითა აბედი კვესითა჻ მოგშორდი დამთმე გულითა, კლდისაგანც უმაგრესითა჻

333. შენ საყვარელო ნუ სჭმუნავ, ჭმუნვითა ამისთანითა჻ ჩემი სთქვა სხვათა მიხუდების, იგი ალვისა ტანითა჻ არამ სიცოცხლე უშენო, ვარ აქამდისცა ნანითა჻ ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა჻

334. შენმან მზემან უშენოსა, არვის მიხვდეს მთვარე შენი჻ შენმან მზემან ვერვის მიხვდეს, მოცავიდენ სამნი მზენი჻ აქა თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი჻ სული ჩემი შეივედრე, ზეცით მამხვდენ ნუთუ ფრთენი჻

335. ღ~თსა შემვედრე ნუთუ კულავ, დამჴსნა სოფლისა შრომასა჻ ცეცხლსა წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა჻ მომცნეს ფრთენი და ავჰფრინდე, მივხვდე მას ჩემსა ნდომასა჻ დღისით და ღამით ვხედვიდე, მზისა ელვათა კრთომასა჻

336. მზე უშენოდ ვერ იქნების, რადგან შენ ხარ მისი წილი჻ გაღანამცა მას იახლე,მისი ეტლი არ თუ წბილი჻ მუნა გნახო მანდვე გსახო, გამინათლო გული ჩრდილი჻ თუ სიცოცხლე მწარე მქონდეს, სიკვდილიმცა მქონდეს ტკბილი჻

337. მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რადგან სულსა჻ მაგრა შენი სიყვარული, ჩავიტანე ჩამრჩა გულსა჻ მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა჻ ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო ჩემსა სიყვარულსა჻

338. წადი ჰინდოეთს მიმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა჻ მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ჴელ აუპყრობელსა჻ გულსა ალხინე ჩემისა, მოშორვებისა მთმობელსა჻ მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ შეუშრობელსა჻

339. რაცა ვიჩივლე ბედისა, ჩემისა კმა საჩივარად჻ ცა სამართალი მართალი, გულისა გულსა მივარად჻ შენთვის მოვჰკუდები გავჰჴდები, ყორანთა დასაყივარად჻ ვირე ცოცხალ ვარ გეყოფი, სატირლად და სატკივარად჻

340. აჰა ინიშნე ნიშანი, შენეულისა რიდისა჻ გარდმიკვეთია ალამი, ჩემო ერთისა კიდისა჻ ესეღა დამრჩეს სანაცლოდ, მის იმედისა დიდისა჻ რისხვით მობრუნდა ბორბალი, ჩვენზედა ცისა შვიდისა჻