ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

336. მას დღესა ლომი ტარიელ შვებითა აივსებოდა; ხელითა ხელსა მოზიდვენ, ერთმანერთს ეუბნებოდა; მათთა შემხედთა მათთანა ლალიცა უმტვერდებოდა; ჰგავს, თუ მაშრიყი შუქსა ჰფენს, მზე მათთვის გაივსებოდა.“

337. ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს, ხამსო, მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს: ღმერთმან ერთი რად აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს! შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს”.

338. ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე, დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე; მკვდარი მნახო, დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე, მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე”.

339. ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა; ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა; ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა, მერმე სულთქნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.

340. მოთქვამს: “ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო, იმედო და სოცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო, ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო; ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!”

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველი

341. ისმენდი, მოეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა, საუბართა და საქმეთა, ვითა ძლივ ვათქმევ ენასა; იგი, ვინ ხელ-მქმნა, მოველი მისგან აროდეს ლხენასა, ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.

342. “ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი, უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი, ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი

343. “მამა- ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი; ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი; ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.

344. “ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები. თქვა: “წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები, ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები; ბრძანა: “წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები.

345. “ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა. შესთვალა: “შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა; აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა, სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა”.

346. “ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან. შესთვალა: “ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან, რადგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან აწ მოდი, ასრე პატივ-გცე, ვითა ძმამან და მშობელმან”.

347. კმარის ღმრთისაგან ჩემზედა წყალობა აწ ამდენანი, შეგვეწყევ, დიდი ხელმწიფე, დასცხრეს მოციქულთ დენანი; ავისა მთქმელსა რას არგებს აწღა აწ ან მანდ დენანი! მშვილდმან ისვენოს, ჩაეგნეს ხრმალნი სისხლისა მდენანი.”

348. “ერთი სამეფო, საკარგ-ყმო, უბოძა ამირბარობა. თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა. მეფე რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმცდარობა; სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.

349. “თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა. თქვა: “ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!” ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა. მას არა ვგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.

350. “ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა, ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა; ვაი კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა! მეფემან თქვა: “შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა”.

351. “მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად, საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად, ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად; მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.

352. “ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა; ხუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა; ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სირისა; არა ჰგაოდის ფარსადანს მისი არა-სმა შვილისა.

353. “ასმათ, შენცა ხარ მოწამე ჩემისა ფერ-მიხდილისა, მზესა მე ვსჯობდი შვენებით, ვით ბინდსა ჟამი დილისა; იტყოდეს ჩემი მნახავნი: “მსგავსია ედემს ზრდილისა”. აწ მაშინდლისა ჩემისა სახე ვარ ოდენ ჩრდილისა.

354. ნადიმსა შიგან მოყმენი სიცილით მოგეგებნიან; მოასპარეზედ მესროლთა ღონე ჩემგანვე ძებნიან; მებრძოლთა შიგან მებრძოლნი ვერავინ ვერ შემებნიან; თვით შუბოსანნი ჩემებრივ არავინ არ ეგებნიან.”