ვეფხისტყაოსანი, 1934 წ.

355. “მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი”. ესე რა თქვა, ყმამან სულთქნა, ცრემლით ბრძანა: “შობა ქალი”. დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი: თქვა: “მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვისგან ალი!

356. “წიგნი წიგნსა ეწეოდა, დედოფალი ოდეს შობდა, მოციქული – მოციქულსა, ინდოეთი სრულად სცნობდა; მზე და მთვარე განსცხრებოდა, სიხარულით ცა ნათობდა; ყოვლი არსად შემოსრული მხიარული თამაშობდა.

357. “ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა. ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა; ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა. საჭურჭლე გასცეს; აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.

358. “საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა. მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა. ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა. აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!”

359. ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა; ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა; ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა; თქვა: “ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ ა.

360. “მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი. შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი, მთვარისა მსგავსი, მზისაგან შვენებით არ შეფლობილი; მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წდობილი!

361. “იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესლვა ომსა; მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა, მამასავე ხელთა მიმცეს; რა შევიქმენ ამა ზომსა, ვბურთობდი და ვთამაშობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.

362. “მეფემან კოშკი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა; ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა, ლალისა, ძირსა ბაღჩა და საბანლად სარაჯი ვარდის წყალისა; იგი მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!

363. “დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი; ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი. დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი, მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.

364. “სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა; ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა; ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა; მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

365. “თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა; დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა; ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა, სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.

366. რა მინდორს შვჯდი, ზარითა ხმა იყო ბუკთა ცემისა; თანა მყვის სპისა სიმრავლე მსგავსი ფუტკრისა რემისა; ჭვრეტად ქალ-ყმანი დაჯრილნი, დგას თემისა და თემისა; ვინც მნახის, ეყვის ერთ წლამდის კვეხა ნახვისა ჩემისა.”

367. “მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან, მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან; შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან; აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბალახშეულმან!

368. “მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა; ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა; მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა; ერთგულთა შეჰქმნეს ვაება, მტერთა – ხსენება იშისა.

369. “მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული, დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული; გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული, ებრძანა: “შვილო ტარიელ, ნუ ხარ შავითა ღებული.

370. “ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა”. ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა, ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა: “შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა”.

371. “ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა; უკუნით გამომიყვანეს ხასთა მათ წინა-მდგომელთა; გამოსლვისათვის ზეიმი შეჰქმნეს ინდოეთს მფლობელთა. შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

372. თვალთა ჩემთა ცხელი ცრემლი აწინდლისა უფრო დიან; წლისა ჭამა გარდვიხადე, სიმძიმილის მოთხრობდიან; ასრე გავხე, ჩემი ჯარი: “არ დარჩების”,– იტყოდიან; ზოგნი ტირან მამისათვის, ზოგნი ჩემთვის ტიროდიან.

373. “მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად. მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად; ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად. არ მომეშვნეს, დავმორჩილდი, თაყვანის-ვეც ამირბარად.

374. თავადობა ინდოთა და მრავალთაცა მქონდა სხვათა; ვნაპიროდი, თუ ვინ იყვის მავნებელი ჩემთა სპათა, ხალვად ვჯდი და ვიხარებდი, ზამი შევქმნი მღერა- სმათა; სპათა ვმოსდი, ვნადირობდი, ქება თქვიან ჩემთა ქნათა.”