ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

სიკვდილი ავთანდილისა და ცოლისა მისისა თინათინისა

2338. აზომ არ არის სოფლისა საღამო არცა დილია სიზმრისა უფრო სიზმარი, ჩრდილისა უფრო ჩრდილია; არ ამოკრეფენ სწავლულნი, მათ მათგან გამოცდილია; ავი და კარგი სწორად სჩანს, სიცოცხლე თუ სიკუდილია.

2339. ავთანდილ და ცოლმან მისმან დაყუნეს წელნი სამოც-ათნი; ღმერთმან მისცნა ორნი ძენი, სიტურფითა მგზავსი მათნი; გაუნდოვდეს საჭვრეტელად ბროლ ბალახშნი, მინა სათნი. სიბერემან გაუცუდნა მათ, გლახ, მათნი ხასიათნი.

2340. ავთანდილ და ცოლმან მისმან სული ცათკენ გაგზავნესა, ორნი ესე ჴორციელნი იგი მათსა სინაზესა, ჴორცითაცა შეიერთნეს მას წყაროსა ზესთა ზესა, მზე მრავალთა დაუტევეს, მიიახლნეს ერთად მზესა.

2341. ვინცა კარავნი გააკრავნა და თიკანნი გაათიკნა, მანვე თხანი თიკანთაგან გაარჩივნა, გააბლიკნა, გონიერნი გაამაღლნა, სულნი მათნი მოირიკნა; ერთმანეთსა ეზიარნეს, რამანცაღა ჩამოდრიკნა.

2342. მითქუამს და კულავ ვთქუა სოფლისა სიცრუვე კულა და კულადობა. იგი გარდაოდეს, გაისმა ოდენ ამბავი მათობა, სადაა კბილთა სითეთრე, ანუ ღაწუთა ღა ნათობა, მტუერად შექნილა წაუჴდა მათ ხასიათობა.

აქა ფრიდონისაგან ორგანვე მისვლა და ტირილი

2343. მოვიდა ფრიდონ ტირილით, ზახილით თავსა მცემელი, იხოჭს და იგლეჯს და მოსთქუამს არ უნდა გარდამცემელი. მოიღო მეტად დიადი გლახაკთა მისაცემელი. უნდოდა, თუმცა ეშოვნა ლაჴუარი დასაცემელი.

2344. ტაგრუცსა მიჯდა მოსთქმიდა ჴმითა მით შუენიერითა; იგლეჯდა თეთრსა თმა წუერსა, გაყრის ბროლისა ჭერითა; მაღლად იზახდა ვაგლახსა ტირილით, არ სიმღერითა, მართ წმინდად გაგლეჯილიყო ერთობ თმითა და წუერითა.

2345. თქუა მეტად კარგი სიტყუანი ფილასოფოსთა ცნობასა, რომე ჴორჴითა იტყოდა მგზავსი დავითის ძნობისა; მე, გლახ ვით მოვთქუა სიკეთე თქვენისა ცხენოსნობისა ან ვით მოვთუალო მოკლული თქუენისა მშვილდოსნობისა!

2346. რაზმთა მლეწელნო, ყოველთ მებრძოლთა თქუენთა მძლეველნო, კულავ ასპარეზად ტურფანო, უსწოროდ დამნაძლეველნო თქუენ, ვისცა შუელა უბრძანით, უცხონო შესაძლეველნო, აწ ცრემლთა ჩემთა დენასა, ჴამს, თუ ვით გაუძლე ველნო.

2347. თქუენებრ ტახტსა ვის დაჯდების, ვინ მოკაზმავს სრასა სრულად, ან ნადიმსა ვინ გარდიჴდის ზნე უკლებსა ჯავარ სრულად? ვითამც დავრჩი მე უთქუენოდ, ვიგონებდე ამას რულად? ცოცხალი მე არ ვიქნები გაკიცხული, გაბასრულად.

2348. თინათინს, ნესტან დარეჯანს ვით მოუთქუნა სინაზენი! ტანი მჭევრი ალვის მორჩი, პირი მჭურეტთა ამაზრზენი, ბროლ ბალახში, ლალ გიშერი, მარგალიტთა შენათხზენი, საუბარი სიტყუა ტკბილი, ვერ მჭურეტელთა ამაგზენი.

2349. ფრიდონ მოსთქმიდა ოთხთავე, ორთა და ორთა ტიროდა. მაღლად იზახდა ვაგლახსა, მართ ვითა ლომი ყუიროდა; თქუენის პირისა ჯავარი აღარა ლალდ, ჭუიროდა,“ იტყუის;’’ თუ მოვკუდე, რა მგამა, რადგან დამაგდე გმიროდა.

2350. ნურადინ-ფრიდონ მოსთქუმიდა ორთავე მისთა ძმობილთა. უქებს სიუხვე ჯავარსა, ძოწ-მარგალიტთა წყობილთა; სისხლისა ცრემლთა ადენდა, უკლებთა, დაუშრობილთა. ავსებდა სიბრალულითა ყოველთა მუნ შესწრობილთა.

2351. თინათინ, ნესტან-დარეჯანს კულავ მოუთქუნა სინაზეენი, პირი მზისა უნათლესი, თმა გიშერი ვითა ტევრნი: აწ ვაგლახ მე, ვით დამალეთ შუქთა სხივნი ბევრის ბევრნი!’’ ჰია, ჰია ჩემთუის მოიწივნა საშინელნი მოსაწევრნი!“

2352. ამასთანათა სიტყუითა გრძლად და გულ მდუღრად ტიროდა: მერმე ადგა და ქუანიცა ტიროდეს, ასრე სულთქმიდა; ტაგრუცსა გაესალამა, ტანსა ძაძასა იცუმიდა, თავსა ნაცარსა იყრიდა, არა გუირგუინსა ირქუმიდა.

2353. შინა მოვიდა, შინ მოკუდა ფრიდონ მათისა სევდითა: მათს უკან აღარ ვარგიყო, არცა კარგისა ბედითა; თუალნი დაუდგა ბედ კრულსა საგონებლითა მეტითა ნურადინ იყო მორჭმული ლარ საქონლითა დიდითა.

2354. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა; გარდაჴდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა; ვის გრძლად ჰგონია, მისთუისცა არის ერთისა წამისა, ვსწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა და მისა.

2355. ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად, ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწუელად, ერთგულთა დამამაგრებლად.