ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

157. მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია, აცნობე ჩემი სიკვდილი, იყავ მართ ვითა მთრვალია; მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია. გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.

158. მაშინ უფრო მომეხმარე ამისგანცა უფრო მხნედრე, ნუ თუ ადრე დამივიწყო? მახსენებდე ზედა-ზედრე! მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე, ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე”.

159. რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა, თვალთათ, ვითა მარგალიტი, ცრემლი ცხელი გარდმჰოყარა; მოახსენა: “უშენომან გულმან რამცა გაიხარა! ვიცი, რომე არ დასდგები, მაგას გიშლი ამად არა.

160. ჩემდა ნაცვლად დაგაგდებო, – ესე სიტყვა ვით მიბრძანე? რაგვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე? შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე! სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე”.

161. ყმამან უთხრა: “მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად: რა მიჯნური ველთა ჰრბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად; მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლო-უვაჭრელად, კაცი ცრუ და მოღალატე ჰხამს ლახვრითა დასაჭრელად.

162. ვისმცა ვუთხრა ხვაშიადი, შენგან კიდე არვინ ვარგა, უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქმს კარგა? სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა; კვლავ ნუთუმცა შემოვიქცე, ღმერთმან სრულად არ დამკარგა.

163. ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი; მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი; აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი, წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდენ, ვინცა იყოს ჩემი ხასი”.

III აქა წიგნი ავთანდილისა ყმათა მიმართ.

164. დაწერა თუ: “ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო, ერთგულნო და მისანდონო, ამაზედან გამოცდილნო, თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო, წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო, ერთგან შემოყრილნო.

165. მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა, თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა, ცოტასა ხანსა ვარჩივენ გაჭრა სმასა და მღერასა, პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა.

166. საქმე რამე მიძს თავისაზე, სადმე გარდსახვეწელი, დავყო მარტო და ღარიბად ესე წლეული მე წელი, გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი, მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

167. მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად ჰპატრონობდეს, სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს, ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდსა ჰზვრიდეს, არ აჭკნობდეს, შემცოდესა ყველაკასა, ვითა ცვილსა, დაადნობდეს.

168. თქვენცა იცით, გამიზრდია ვითა ძმა და ვითა შვილი; ამას ასრე ჰმორჩილობდით, არის ვითამც ავთანდილი; ბუკსა იკრას, აქნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი; მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებთ, არ სიცილი.”

169. ესე წიგნი დაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა, წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა, ჰბრძანა: “მინდორს შევჯდებიო”, ლაშქარიცა დაერაზმა; მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაჰზმა.

170. ჰბრძანა, “წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა”. მონებიცა მოიშორა, თავი გაითავისწინა, მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგა გაირბინა, მიწყივ მისად საგონებლად მისი მკვლელი თინათინა.

171. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა. ვინმცა ნახა სულიერმა, ანუ ვინმცა გაეკიდა? ვის მახვილი ვერას ავნებს, მისი მკლავი გაეკიდა, მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა.

172. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს, იგი პირ-მზე ვეღარ ჰპოვეს, პირი მათი იფერ-მკრთალეს: მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს, ყოვლგან ჰრბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.

173. ღმერთი, ლომო, შენდა ნაცვლად სხვასა ვისმცა დაჰნერგვიდეს! დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს; ვეღარა სცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს. მისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს.

174. შერმადინ ერთგან შეჰყარა ხასი და დიდებულები, უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები; რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები, თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.

175. ყოვლთა ჰკადრეს: “თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა, უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა! განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა”! იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანი სცა.