ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

97. რა სცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა, მასვე წამსა დაიკარგა, – არ უნახავს თვალსა ჩვენსა – ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა, ანუ ზეცად ანაფრენსა: ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.

98. კვალი სძებნეს და უკვირდათ ვერ პოვნა ნაკვალევისა, აგრე კვალ-წმიდად წარხდომა კაცისა, ვითა დევისა; ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვთ წყლულთა ხვევისა. მეფემან ჰბრძანა: “ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა”.

99. ბრძანა: “ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება, ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანაღვლება. სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უძს განკურნება; მას ვემადლი, ესე იყო წადილი და მისი ნება”.

100. ესე სთქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა; არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა; ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა ჰსრვიდა; ზოგთა სთქვეს თუ: “მართალია”, ზოგი “ღმერთო“ უზრახვიდა.

101. მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი; მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩნს ვითა შვილი. ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ დაჯრილი. გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.

102. თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა; ადგა და კარსა მივიდა, – ჰქონდა მზისაცა ცილობა – მოლარე იხმო, უბრძანა: “ძილია, თუ ღვიძილობა?” მან მოახსენა: “დაღრეჯით ჰზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა;

103. ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა, უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამითა”. თინათინ ჰბრძანა: “აწ წავალ, შესლვა არ ჩემგან ჟამითა; მიკითხოს, ჰკადრე, იყო-თქო აქა ერთისა წამითა”.

104. ხანი გამოჰხდა, იკითხა: “ნეტარ რასა იქმს ქალიო, ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო? მოლარე ჰკადრებს: “მოვიდა აწყაღა ფერ-ნამკრთალიო, დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო”.

105. უბრძანა თუ: “წადი, უხმე, უმისობა ვით გავძლეო! მოახსენე, რად დაბრუნდი, შენ მამისა სიცოცხლეო? მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო, გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო”.

106. თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა; უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა; მამამან გვერდსა დაისვა, აკოცა ნება ნებასა, უბრძანა: “მახლავ რად არა, მელი მე მოყვანებასა?”

107. ქალმან ჰკადრა: “ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს, ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს, თქვენი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს. კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს”.

108. უბრძანა: “შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია, შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია, მომაქარვები სევდისა, მართ ვითა მუფარახია, ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.

109. უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე! მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე. რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე; ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.

110. მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა; შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა, ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა, ჯერდცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.

111. ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს, დამავიწყდა, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს, ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს; სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!”

112. ქალმან ჰკადრა: “მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა: ჰე, მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა, რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა? ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა!

113. თუ ყოფილა იგი მოყმე ხორციელი. ხმელთა მვლელად მას ნახვიდა სხვაცა ვინმე, გამოჩნდების მასწავლებლად, თვარემ ეშმა გჩვენებია, ლხინთა შენთა შეცამშლელად. სევდისაგან მოიცალე, რას შექმნილხარ მოულხენლად!..

114. მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედან მფლობელი, შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი, გაჰგზავნე კაცი ყოველგან მისთა ამბავთა მცნობელი, ადრე სცნობთ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი”.

115. მოასხნეს კაცნი, გაჰგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა; უბრძანეს: “წადით, პატიჟთა თავიმცა რად დარიდეთა! მოჰნახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა, მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა”.

116. კაცნი წავიდეს, იარეს მათ ერთი წელიწადია, მოჰნახეს, სძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლავ და კვლა დია, ვერცა თუ ნახეს მისი მნახველი ღვთისაგან დანაბადია; ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.