ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

117. მონათა ჰკადრეს; “მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით, მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით, მისსა მნახველსა სულდგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით, ჩვენ ვერა გარგეთ, საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით”.

118. მეფე ჰბრძანებს: “მართალ იყო ასული და ჩემი ძეო, ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო, ჩემდა მტერად წამოსული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო. გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო”.

119. ესე სთქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა, მგოსანი და მუშაითი უხმეს, ჰპოვეს, რაცა სადა, დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოჰხადა, მისი მზგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაჰბადა!

120. ავთანდილ სჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი, იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი. შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი, მოახსენა: “გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი”.

121. ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა, ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა; უხარის შეყრა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა, – ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!

122. ავთანდილ ლაღი, უკადრი, მივა, არვისგან ჰრცხვენოდა, მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა. იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად ჰშვენოდა, მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა.

123. გაძრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი, ებურნეს მოშლით რიდენი, ფასის თქმად გასაჭირონი, შვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი, მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ უხშირონი.

124. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა; ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა. მონამან სელნი დაუდგნა, დასჯდა კრძალვით და რიდითა, პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.

125. ყმამან ჰკადრა: “საზაროსა ჩემგან თქმა-ღა ვით იქმნების? – მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, დაცაჭნების. – აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების, თქვენვე ჰბრძანეთ რაცა გიმძიმთ, ანუ რამცა გეკურნების.

126. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვა, არ დუხჭირად; იტყვის: “თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად, გიკვირს, მოგხვდა წამის-ყოფად საქმე შენგან საეჭვი რად, მაგრა გითხრა პირველ ხვალმე სენი მე მჭირს რაცა ჭირად.

127. გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა, ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა, მასუკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა, – შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოლახოცა.

128. აქანამდის საუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია. მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია, ვიცი, რომე გაუწყვეტლად თვალთა ღაწვი გისეტყვია. შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.

129. ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად: პირველ ყმა ხარ, ხორციელი არვინა გვყავს შენად სწორად, მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად; – წადი, იგი მოყმე სძებნე, ახლოს იყოს თუნდა შორად.

130. შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე, რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე, გულსა აგრე საიმედო ია მოჰრგე, ვარდი ჰყარე, მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.

131. სამსა სძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი; ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბარი; ვერა ჰპოებ, დავიჯერებ, იყო თურმე უჩინარი, კოკობი და დაუფრჭკვნელი ვარდი დაგხვდე დაუმკჭნარი.

132. ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი, მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი, სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი; შენი მკლევდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი”.

133. მოახსენა ყმამან: “მზეო, ვინ გიშერი აწამწამე, სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე, მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე. ვითა მონა სამსახურად განღამცა წავეწამე”.

134. კვლავცა ჰკადრა: “აჰა, მზეო, რადგან ღმერთმან მზედ დაგბადა, მით გმორჩილობს, ზეციერი მნათობია რაცა სადა; მე რომ თქვენგან მოვისმინე წყალობანი, მედიადა; ვარდი ჩემი არ დასჭნების, შუქი შენი იეფადა”.

135. კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი, გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა-ხშირი, – გაადვილდა, აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი – თეთრთა კბილთა გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი.“

136. ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს; ბროლ-ბადახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს; ყმა ეტყვის თუ: “შენთა მჭვრეტთა თავი ხელი ასად აგეს, ცეცხლთა, მანდით მოდებულთა გული ჩემი ასადაგეს”.