ვეფხისტყაოსანი, 1918 წ.

IV წასლვა ავთანდილისა ძებნად ტარიელისა.

176. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს: საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, დაცაეზროს; ვის ბადახში არა გვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს, იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.

177. ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარა, დააგდო ზღვარი არაბთა, სხვათ ზღვართა არე იარა, მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა; სთქვა: “თუ მასმცა ვიახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა”.

178. ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დასთრთვილა, დაჰნასა; მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა; სთქვის: “ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათიან-ასა, მოვშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა”!

179. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო სჭკნებოდა, გულსა უთხრის თუ: “დასთმეო, ამად არ დია ბნდებოდა. უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა, მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა, მათ თანა ემოყვრებოდა.

180. მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა შესართავისად. უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად. სთქვის: “საყვარელო, მოგშორდი გული შენ დაგრჩა, ვთქვა ვისად! შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად”.

181. ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა, ასრე რომე ცასა ქვეშე არ დაურჩა, არ იარა; მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა. ამას შიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.

182. მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა, თვე ერთ კაცსა ვერა ჰნახავს, ვერას შვილსა ადამისსა; იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა; დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა.

183. მას მიჰხვდა წვერი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა: გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა, მის მთისა ძირსა წყალი სდის, არად სანდომი ხიდისა, ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

184. ზედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს; თვენი ესხნეს ორნიღაა, ამად სულთქვამს, ამად იშობს; “ვა თუ საქმე გამიმჟღავნდეს!“ –კვლავ ამისთვის გულმოშიშობს, – “ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს”.

185. საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად. თქვა. “თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად? ჩემსა რა ვკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად, მისი ვერა ვცნა ჭირნიცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?

186. თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი. რომელსა ვეძებ, ვერა ვსცნე ამბავნი მე მისთანანი, დრო გარდაუწყდეს შერმადინს, შეჰრჩეს ღაწვისა ბანანი, მივიდეს, ჰკადროს მეფესა საქმენი დასაგვანანი!

187. უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული; მათ შეჰქმნან გლოვა-ტირილი, ჰქმნან საქმე გამწარებული; მერმე მივიდე ცოცოხალი, სხვაგან მე სადმე რებული!” – ამას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული.

188. იტყვის: ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ, მე ეზომი სიარულნი კიდე რად გლახ გამიცუდენ! გულით ჩემით სიხარულნი აღფხვრენ, ჭირნი დააბუდენ, დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერა ოდეს დავიყუდენ.

189. კვლაცა იტყვის: “დათმობა სჯობს” და თავსავე ეუბნების: “დღეთა ადრე ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების, უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების, განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების”.

190. ყოვლნი ასნი ცათ-ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან, მაგრა საქმე იმ კაცისა ვერა სადა შემიგიან; უღონიოდ მართალ იყვნეს, რომელთაცა ქაჯად სთქვიან; აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან!“

191. მობრუნება დააპირა, სულთქმნა, მერმე ივაგლახა, მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოჰსახა; თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა; მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.

192. თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესითა, ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა, ისრითა მოჰკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა, შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.

193. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირემ მწვადი შეიწოდეს; ექვსი რამე ცხენოსანნი ჰნახა, მისკენ მივიდოდეს; სთქვა თუ: “ჰგვანან მეკობრეთა, თვარე კარგი რამც იცოდეს! აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს.

194. ხელთა ჰქონდა ისარ-მშვილდი, მათკენ მივა მხიარული, ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული; თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული; სტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას გლახ სული.